ჩვენ ცალ-ცალკე შევხვდით მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს და მათ წარვუდგინეთ ის მიგნებები, რომლებიც კვლევის საფუძველზე სახელმწიფომ დაადგინა. სამივე სექტორის წარმომადგენლებმა იდენტიფიცირებული ცხრა პუნქტიდან ყოველი მათგანი დაადასტურეს. ეს იყო მნიშვნელოვანი ნიშანი სახელმწიფოსთვის, რომ ძალიან სწორად მოხდა ამ კონკრეტული გამოწვევების დადგენა და შემდგომში კერძო სექტორთან მათ გარშემო მსჯელობა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით გამართული დებატების დროს განაცხადა.

„პრემიერმა არაერთგზის ახსენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსი სოციალურ პასუხისმგებლობასა და კერძო სექტორის მომგებიანობასთან მიმართებით. მინდა, გულწრფელად მადლობა გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს – მათი მოტივაცია სახელმწიფოსას დაემთხვა, რომ უნდა მოხდეს ფასების შემცირება. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა თავადვე დაადასტურეს, რომ ფასების შემცირება შესაძლებელია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უკვე ვიცით, სად არის პრობლემა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ამ გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში, რომელიც დაიწყო სამთავრობო კომისიიდან და გრძელდება პარლამენტში, კომისიის ფარგლებში, ჩვენ ძალიან სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – განაცხადა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილი გამოეხმაურა დებატებზე გამოთქმულ მოსაზრებებს ევროპულ რეგულაციებთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, ევროპაში თითქმის ყველა ქალაქსა თუ ქვეყანაში ურბანული დაგეგმარების ფარგლებში მოქმედებს რეგულაცია, როდესაც „ერთი უბანი – ერთი მარკეტის“ პრინციპი მუშაობს. კერძოდ, ცენტრალურ უბნებში უფრო მეტად წახალისებულია ადგილობრივი, ე.წ. უბნის მარკეტები, ცენტრალური ქუჩების გარეთ კი მეტად ვხედავთ ქსელურ მარკეტებს.

„ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს იმას, რომ მომხმარებლებისთვის იყოს შესაძლებლობა, აარჩიოს, რომელი მიმართულებით წავიდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიცვათ ბალანსი – გაგრძელდეს თავისუფლად ბიზნესის კეთება, მაგრამ, მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების პროდუქციის გაიაფება“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოსა და ბიზნესის პოზიციებს შორის სრული თანხვედრაა.

„ჩვენ შევჯერდით, რომ ერთობლივი ძალისხმევით, დიალოგისა და სამუშაო ფორმატის ფარგლებში, ერთად ვიპოვით სწორ გამოსავალს აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.