ჩვენი ხელისუფლების მთავარი პოლიტიკა არის ის, რომ პირველ რიგში ძალიან სწორი ბალანსით, ღია დიალოგით, სწორი გამოსავალი ვნახოთ იმისთვის, რომ გაიაფდეს პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ქართული პროდუქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ვიხილოთ ქართული პროდუქცია ქსელურ მარკეტებში, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემაში "დებატები" განაცხადა.

მისი განმარტებით, "დებატების" ფორმატი ძალიან მისასალმებელი ფორმატია იმ საკითხების განსახილველად, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.

"ძალიან სწორი და მისასალმებელი ფორმატია დღევანდელი დებატების ფორმატი და მიუხედავად იმისა, გვექნება თუ არა განსხვავებული მოსაზრებები გარკვეულ საკითხებზე, მე ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანი წესით ვთანხმდებით იმაზე, რომ აღნიშნული საკითხი, რის გარშემოც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, ნამდვილად პრობლემაა და ნამდვილად აწუხებს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა მუდმივად ემყარება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს საკითხი არის განსაკუთრებულად პრობლემური ჩვენი მოსახლეობისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე დავიწყეთ ამ თემაზე ღიად საუბარი.

მეორე მხრივ, ჩვენ გავაკეთეთ ძალიან დეტალური ანალიზი, რა იწვევს ფასების ამგვარად ზრდას და ჩვენ უკვე მედიაშიც ღიად ვისაუბრეთ, რომ დაახლოებით 86%-იან ფასნამატზე გვაქვს საუბარი საზღვრიდან ტარომდე და ძალიან კონკრეტულად გვაქვს იდენტიფიცირებული ის 9 პუნქტი, რომელი პირდაპირ აისახება ფასნამატზე. ხშირად აღვნიშნეთ და მათ შორის, ეს საკითხებია, რაც იდენტურად დადასტურებულია იმ შეხვედრებიდან, რაც უკვე გვქონდა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. პროცესი ძალიან გამჭვირვალედ მიმდინარეობდა, ყველა მოთამაშეს შევხვდით ფაქტობრივად ამ ჯაჭვში და დღეს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ინდუსტრიაში, განსაკუთრებით ქსელური მარკეტების სახით წარმოუდგენელია 9 ტიპის გადასახადი და თუ შევადარებთ სახელმწიფოს, იცით, რომ სახელმწიფოს 6 გადასახადი აქვს, თუ მათ შორის ჩავთვლით ქონების გადასახადს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბმაშია და პირდაპირ პროპორციულად ისახება ფასების ზრდაზე. მათ შორის, ერთ-ერთმა გამომსვლელმა ნამდვილად სწორად გაუსვა ხაზი, რომ ეს პირდაპირ ისახება იმაზე, რომ ქართული წარმოების პროდუქცია ნაკლებად გვხვდება ქართულ ქსელურ მარკეტებში. ჩვენი ხელისუფლების მთავარი პოლიტიკა არის ის, რომ პირველ რიგში ძალიან სწორი ბალანსით, ღია დიალოგით, სწორი გამოსავალი ვნახოთ იმისთვის, რომ გაიაფდეს პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ქართული პროდუქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ვიხილოთ ქართული პროდუქცია ქსელურ მარკეტებში", - განაცხადა მარია ქვრივიშვილმა.