საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრა ვიცე-პრემიერის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მსჯელობა შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს.

ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებას, ასევე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში არსებული ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე.

აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ყველა დონეზე ვიზიტების მზარდი დინამიკა და ორმხრივი თუ საერთაშორისო ფორმატებით აქტიური თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობის მაგალითია.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე, ასევე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გიორგი ზაქარაშვილი მონაწილეობდნენ.