საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.
„საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს, მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა დაკავშირებადობის გაძლიერებისა და რეგიონის სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წარმატებით განხორციელებული ერთობლივი პროექტებისა და სავაჭრო თანამშრომლობის შედეგად, აზერბაიჯანი 2000 წლიდან სტაბილურად იკავებს ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში.
დადებითად შეფასდა მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში გიორგი ზაქარაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი მიქაელ ჯაბაროვი.








