მიხეილ ყაველაშვილმა თავისი საქმიანობა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური, სწორი გადაწყვეტილებით და ბევრი ოჯახი გაახარა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირის შეწყალებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პროცესში არა მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არამედ მთელი სისტემა იყო ჩართული.
„ძალიან კარგად ვიცი, როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი. ამაში ჩართული იყო არა მხოლოდ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, არამედ მთელი სისტემა, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულება. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სასჯელაღსრულების დახასიათებას, რეკომენდაციას, თუ როგორ იქცეოდნენ კონკრეტული მსჯავრდებულები, რესოციალიზაციის მიზნები რამდენად იყო მიღწეული. ზოგადად, უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ სასჯელს პრევენციული მიზანი აქვს ორი მიმართულებით, ერთი არის კერძო და მეორე ზოგადი: ადამიანი რამდენად არის რესოციალიზებული და საზოგადოებაზე რამდენად მოქმედებს პრევენციული თვალსაზრისით ესა თუ ის სასჯელი. საზოგადოება როდესაც ამის წინააღმდეგი არ არის, სწორ დასკვნებს აკეთებს, სწორი აღქმები აქვს და როდესაც ადამიანზე არ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ამან, პირიქით, წამახალისებელი იქნება, რათა გამოსწორდეს, მომდევნო პერიოდში დანაშაული გათავისუფლების შემდეგ აღარ ჩაიდინოს, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, როგორც კერძო, ისე საჯარო ზოგადი პრევენციული მიზნები არის აღსრულებული და ყველაზე რელევანტური გადაწყვეტილებაა მსჯავრდებულის გათავისუფლება. სოციალურ ქსელებში ისმება კითხვები, როგორ მოასწრო 613 საქმის განხილვა. გგონიათ, პრეზიდენტი უნდა ჩაუჯდეს ყველა საქმეს და დეტალურად განიხილოს? რას აკეთებს მისი ადმინისტრაცია და იმდენი ხალხი, რომელიც იქ მუშაობს, რას აკეთებს სასჯელაღსრულების დაწესებულების უამრავი თანამშრომელი, იუსტიციის სამინისტრო, სხვა შესაბამისი უწყებები, რომლებიც რისკებს განიხილავენ და თავისი პოზიცია აქვთ თითოეულ მათგანთან დაკავშირებით დაფიქსირებული. მთელი სისტემა მუშაობს ამაზე. ეს სისტემა, რომლის სათავეში, ამ შემთხვვეში, არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, დეტალურად ეცნობა და ყველა მსჯავრდებულთან დაკავშირებით თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად უწევს რეკომენდაციას პრეზიდენტის წინაშე, რათა მან შეიწყალოს. შეწყალების სპეციფიკაც ეს არის. ვიცი, რომ სია იყო გაცილებით დიდი, მაგრამ პრევენციული რისკების გათვალისწინებით, ეს სია შემცირდა. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი მიმართულებით მუშაობა, თუმცა შეიძლება, ეს ახლო პერიოდში არ იყოს, შეწყალება ყოველ მეორე, მესამე კვირაში ვერ იქნება. დიდი მადლობა მიხეილ ყაველაშვილს. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ჩვენი მიზანია, პრევენციული თვალსაზრისით სასჯელის სწორი აღსრულება და პატიმრების რაოდენობის შემცირება, რათა მაქსიმალურად მივუახლოვდეთ საშუალო ევროპულ სტანდარტს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე, აქვს თუ არა რაიმე პოლიტიკური იზანი შეწყალებას, მდინარაძემ აღნიშნა:
„მიხეილ ყაველაშვილი ბოლო პერიოდში არის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე შეიწყალა მსჯავრდებული. ყველა წინა შემთხვევაში – სალომე ზურაბიშვილის, მარგველაშვილის, სააკაშვილის დროს იყო პოლიტიკური, თუ სხვა სახის ვაჭრობის საგანი და ამას შემთხვევით არ ვამბობ. როდესაც ვიღაცებს აკრიტიკებენ ხოლმე, გაიხსენონ, როგორ შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, მაგალითად, 22 წლის პოლიციელის მკვლელი. ეს ხალხი დღეს აკრიტიკებს ყაველაშვილს, რომელსაც ამაზე მაშინ ხმა არ ამოუღია. მაგალითად, „მოლოტოვის კოქტეილის“ პოლიციელზე მსროლელი და საკუთარი მამის დამჭრელი ადამიანი შეიწყალა და როგორც გმირი, ისე გამოაცხადა, ასევე იყო სხვა სახის შეწყალებები, რომლებიც უკან უდიდესი ეჭვები იმალებოდა.
რა თქმა უნდა, ამისი დამტკიცება სისხლის სამართლებრივი წესით ურთულესია, თუმცა ჩვენ კარგად ვხდებით, რომ 22 წლის პოლიციელის მკვლელს როცა იწყალებ, შეუძლებელია, შეწყალება განხორციელდეს გარკვეული კორუფციის გარეშე, იქნება ეს პოლიტიკური, თუ სხვა სახის კორუფცია. წარმოუდგენელია, სხვა მოტივაცია რა უნდა იყოს ამაში. კარგად დაფიქრდნენ, რას აკრიტიკებენ, რაზე არ იღებდნენ ხმას. როდესაც ობიექტური გადაწყვეტილება გამოდის ხოლმე და სახელმწიფოებრივად უყურებს ვინმე, ყველაფერში რაღაც ცუდს ხედავენ. მიკვირს, რუსული შეწყალება რატომ არ დაარქვეს, შეიძლება ესეც მოაფიქრდეთ, რადგან რაც კი ქართული და სახელმწიფოებრივი საქმე კეთდება, ყველაფერს უარგუმენტობას უპირისპირებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.