ვრცელდებოდა ინფორმაცია ლანჩხუთის რაიონში ერთ-ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რაც არ არის სწორი. ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საკოორდინაციო შტაბი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.
„არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საქართველოში რაც კი შეიძლება იყოს მძიმე ტექნიკა, მთლიანად მობილიზებულია. სოფლებთან მიმართებით, შესაბამისი ბაზების მიხედვით, რომელიც დღეს შეიქმნა, პრიორიტეტების მიხედვით მიმდინარეობს დახარისხება. პრიორიტეტებში არ ვგულისხმობ ადამიანებს, გუშინ ვიღაცებმა ასე გაიგეს. ვგულისხმობ იმას, რომ, სხვა მოთხოვნილებებთან შედარებით, პირველი ამოცანაა, ადამიანები გადავარჩინოთ. ყველაფერი დანარჩენი შედარებით მეორეხარისხოვანია, თუმცა მეორეხარისხოვანი არაფერია. მათ შორის არის საკვების მიწოდება, მედიკამენტების. გვეთანამშრომლება სხვადასხვა ორგანიზაცია, რისთვისაც მათ მადლობა. მადლობა არამხოლოდ მაშველებს, მადლობა მუნიციპალიტეტის, თავდაცვის სამინისტროს, სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს. ასეულობით ადამიანზეა ლაპარაკი, ორი ათასსაც შეიძლება გადასცდა უკვე. ჩართული არიან სამუშაოებში და ყველაზე გაუვალ ადგილებშიც კი ცდილობენ მისვლას. საბედნიეროდ, ეს ხშირ შემთხვევაში ხერხდება. ბოლო საათებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ლანჩხუთის რაიონში ერთ-ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რაც არ არის სწორი. ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადასტურდა. ეს საბედნიერო ინფორმაციაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.