„ნაცები“ ცდილობენ, აბსურდის თეატრში აცხოვრონ ქართული საზოგადოება. ტყუილები დამთავრდა, დიდი ხანია, ეს კინო უკვე ვნახეთ, სააკაშვილი არის ბნელი წარსული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„საქართველო არის პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც დემენცია ძალიან მარტივად, ძალიან მალე და ყოველგვარი კვალის გარეშე იკურნება. საქართველო გახდა პირველი ქვეყანა და „ვივამედი“ პირველი კლინიკა, სადაც დემენცია განიკურნა ყოველგვარი კვალის დატოვების გარეშე. არანაირი პრობლემა აღარ აქვს და ისე, რომ ადამიანს შეუძლია, გახდეს პოლიტიკური ლიდერი, გამოვიდეს და რევოლუციურ პროცესებში ჩაერთოს, ამის ძალაც ჰქონდეს. „ნაცები“ ცდილობენ, ამ აბსურდის თეატრში აცხოვრონ ქართული საზოგადოება. შესაბამისად, ეს ტყუილები დამთავრდა, დიდი ხანია, ეს კინო უკვე ვნახეთ, ჩაიარა და სააკაშვილი არის ბნელი წარსული, ხოლო ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა მომავალზე, რომელიც უნდა იყოს ნათელი, ევროპული, ღირსეული, ეროვნული იმავდროულად, რადგან ამ ორი რაღაცის გამიჯვნა უნდათ ერთმანეთისგან. ეროვნულობის და ევროპულობის გამიჯვნა უნდათ საქართველოში ერთმანეთისგან. კითხვები და პასუხებიც, გამოსვლებიც, მათი ქმედებებიც და მესიჯბოქსებიც ამაზე მეტყველებს, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ ასევე კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც სააკაშვილმა აღნიშნა: „ჩემი თავისუფლება, სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხარი, რომ შეგიძლიათ, ეს აიღოთ, ხელში აიტაცოთ და გამოიყენოთ“.
მდინარაძის თქმით, „ეს არის კრიმინალის დემაგოგიური განცხადება, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ მოატყუოს ქართული საზოგადოება“.
„მისი მოსატყუებელი კბილები თავად მან დააძრო და დატოვა უკბილოდ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსეული ადამიანი. აღარ მოტყუვდებიან ეს ადამიანები. 2012 წლის შემდეგ, ადამიანების მოტყუება შეუძლებელია. რაც უნდა იკადრონ მისმა მიმდევრებმა, მაინც ასე იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.