არცერთს თავმოყვარეობა არ აქვს, ზოგს იმედი აქვს, რომ საპარლამენტო მანდატს არ შევუწყვეტთ და მაგიტომ შემოაქვს განცხადება, ზოგს – პირიქით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ მანდატების დატოვების შესახებ პარლამენტში განცხადებების შეტანის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები თავის თავს ეწინააღმდეგებიან, როდესაც თან არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და თანაც განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე შეაქვთ.

„გახარიას გუნდმა თქვა, ვერ ხვდებით, ესენი განცხადებებს შეუტანენ და ისინი არ შეუწყვეტენო? – მოდით, განცხადებები თავადაც შემოიტანონ და აბა, დავაკვირდეთ. რად უნდათ უკანა გასასვლელები მესიჯებში და რატომ წვალობენ? – თურმე, 300-400 ხმა გაყალბებულია და დაწერონ განცხადებები, ამ პარლამენტში როგორ უნდა შემოვიდნენ? 2020 წლის მოწვევაში განცხადებები ერთ დღესა და ერთ საათში დაწერეს, როგორც იმ ჯაშუშურ წერილს – დაგვსაჯეთ, რამენაირადო. ახლა ერთსულოვნები რატომ არ არიან? – განცხადებები შემოიტანონ, იქნებ, რა გადაწყვეტილებას ვიღებთ. ჩვენი გადაწყვეტილება თუ ვუთხარით, მათ პოლიტიკურ კომფორტში არ ვაცხოვრებთ. ამას როგორ ვეტყვით? ხომ მაგრები არიან და შემოიტანონ განცხადებები. გეუბნებით, რომ მათ, არცერთს თავმოყვარეობა არ აქვს. ზოგს იმედი აქვს, რომ არ შევუწყვეტთ და მაგიტომ შემოაქვს, ზოგს – პირიქით. წვალობენ. კოალიციის განცხადებები ქართულად არის თუ რუსულად? – ჩერლიაბინსკის პარლამენტში ქართულად შემოიტანეს განცხადება? – რუსულად შეიტანონ, ხოშტარიას ეს არ გაუჭირდება, რუსული ფულით არის დაფინანსებული და რუსულიც მშვენივრად იცის. ბარემ, რუსულად შემოეტანათ. ისინი სულ ამ მარაზმში უნდა იყვნენ – გავიღვიძეთ ჩერლიაბინსკშიო და 300 ათასი ხმა გაყალბდაო. ყველა განცხადება იწყება – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესო. ამას წერენ, თავის თავს ეწინააღმდეგებიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.