დაგეთანხმებით კითხვაში გახმოვანებულ პათოსზე - მოწმენდილ ცაზე მეხი იყო, ოღონდ „ნაცმოძრაობისთვის“, ეს იყო ევრო რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი,  დღეს ჩვენ ეს პუნქტი სრულად შევასრულეთ და ეს ევროდავალება ჩავხურეთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის არჩევის საკითხზე  ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, პარადოქსია, ასე მანევრებით რომ გვიწევს ევრორეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესრულება.

„ანუ, ჩვენ მთელი მობილიზაცია უნდა გამოვაცხადოთ და მანევრები უნდა ვატაროთ იმისთვის, რომ ბოლოს მივიდეთ იქამდე, რომ  შესრულდეს ევროკომისიის რეკომენდაციის კონკრეტული პუნქტი, რაშიც პირდაპირ, დეკლარირებულად ხელს გვიშლის „ნაცმოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია. არც ერთს, პოლიტიკურ ჯგუფებს, პარტიას  არ განუცხადებია, რომ მხარს დაუჭერს ევრორეკომენდაციის რომელიმე პუნქტის შესრულებას, ამიტომ ჩვენ მათგან დამოუკიდებლად მოვახერხეთ. როგორი საბოტაჟი და ბულინგი იყო წინა შემთხვევაში საკუთარი თანაგუნდელების მიმართ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანმა  მაშინ მხარი დაუჭირა, ევრორეკომენდაციის შესრულებას და კონკრეტულ ადამიანებს მისცეს ხმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად. ეს იყო ევრორეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი და დღეს ჩვენ ეს პუნქტი სრულად შევასრულეთ და ეს ევროდავალება ჩავხურეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ