დიდი მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის, რაც წლების განმავლობაში ამ ქვეყნისთვის გააკეთა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„იყო შეთავაზება პოლიტსაბჭოს მხრიდან, რომ საარჩევნო მარათონის აქტიურ ფაზაში გადასვლამდე ყოფილიყო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და შემდეგ მომხდარი ცვლილება, გარკვეული როტაციის პრინციპით, მაგრამ მან თავად მიიღო გადაწყვეტილება. მისი სიტყვებით, ახალ პრემიერს უნდა მიეცეს საშუალება, მთელი ეს პერიოდი გამოიყენოს ახალი გუნდის ჩამოსაყალიბებლად, ახალი ხედვების, მიდგომების ჩამოსაყალიბებლად.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის, რაც წლების განმავლობაში ამ ქვეყნისთვის გააკეთა. მისი პრემიერობის პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ დიდ წარმატებებს მიაღწია. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გუნდის წარმატება, ეს არის მთელი ქვეყნის წარმატება. განსაკუთრებით გამოვყოფდი ეკონომიკურ წინსვლას, ამ ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს. რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსი პირველია, რაც შეიძლება, ამ კონტექსტში მოვიხსენიოთ და სხვა უამრავი წარმატება, რაც საქართველომ მიიღო ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში. გვახსოვს პერიოდი 2012 წლამდე, როცა თანამდებობა, ქვეყნის პირველი პირობა ვიღაცებისთვის იყო პრივილეგია, კომფორტი, 2012 წლის შემდეგ დადგა დრო, როცა ეს არის უდიდესი ტვირთი, პასუხისმგებლობა, საკმაოდ მძიმე ტვირთი. დემოკრატია მსხვერპლსაც მოითხოვს და ბევრი რაღაცის ატანა უხდებათ, განსაკუთრებით, ლიდერებს, მათ შორის, როდესაც ქვეყანას მართავ. ბუნებრივია, ირაკლი ღარიბაშვილს ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა ეკუთვნის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. მისივე თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს.