ყველას ვაფრთხილებ, ნურავინ გაეხვევა იმ ბოროტ თაღლითობაში, როცა ამნისტიაში რაღაც მუხლების ჩაწერის დაპირებით სარგებლობენ და ატყუებენ ვიღაცებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რიგგარეშე სესიაზე „ამნისტიის შესახებ კანონის განხილვაზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, აღმოჩნდა ისე, რომ ამ ქალაქში არსებობს ხალხი, რომელთაც გადაწყვიტეს ხელის მოთბობა ამნისტიის საკითხებთან დაკავშირებით. ეს შეიძლება ნახევრად სკანდალური, ძალიან უცნაური, ბრალდების შემცველი ინფორმაციები იყოს, მაგრამ ეს ასეა და ბევრმა იცის, რომ ასეა. შესაბამისად, ყველას ვაფრთხილებ, ნურავინ გაეხვევა იმ ბოროტ თაღლითობაში, როცა ამნისტიაში რაღაც მუხლების ჩაწერის დაპირებით სარგებლობენ და ატყუებენ ვიღაცებს.
ამნისტიის კანონი არ გახდება პოლიტიკური თუ სხვა სახის ვაჭრობის საგანი. ასევე, მინდა „გირჩის“ წარმომადგენლებს მივმართო, ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ თქვენ შეგვევაჭრებით ამ თემასთან დაკავშირებით, რაღაც პოლიტიკური ვაჭრობა გაიმართება და რაღაც მუხლებს ჩაგვაწერინებთ ამაში. ეს ამბავი ციხეშიც ვრცელდება. თქვენი ბრალი შეიძლება ეს არ არის, მაგრამ შეიძლება ვიღაცები საუბრობენ კიდევაც ამას და ყველას ვაფრთხილებ, რომ ასე ნუ ისაუბრებენ. თქვენ რომ არგუმენტები მოგაქვთ შეიძლება ამან რამე დააზიანოს, თუნდაც დაზარალებულზე რომ ვლაპარაკობთ. მაგალითად, თუ ავტოავარიებზეა საუბარი შეიძლება რაღაც საკითხები ჩავამატოთ კიდეც, ოღონდ აუცილებლად დაზარალებულის თანხმობით. მაგრამ ყველას ვაფრთხილებთ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება რაიმე პოლიტიკური ვაჭრობს საგანი და სხვა სახის მით უმეტეს. თუკი ვინმეს უნდა, რომ რომელიმე მუხლს არ შეეხოს, მაშინ უნდა გაავრცელოს, რომ ამ მუხლზე შეიძლება ვიღაცამ ივაჭროს პოლიტიკურად ან სხვაგვარად. მათ შორის, ყველას ვაფრთხილებ, რომ თუ ვინმე ვინმეს აქეზებს, რომ შენ დაიწყე შიმშილობა და ამასაც შეეხება ამნისტია, ეს ასე არ მოხდება. თუკი რამე მუხლს ცვლილება შეიძლება შეეხოს ერთადერთი საფუძველი შეიძლება იყოს მყარი არგუმენტები სამართლებრივი, მორალური და ა.შ.“,- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო