მოდით, ვაღიაროთ ერთი რაღაც, ჩვენ სიმართლის გატანის ძალა გაცილებით მეტი გვაქვს დღეს, შეუდარებლად, ვიდრე თუნდაც შარშან და უფრო მეტი, ვიდრე შარშანწინ და გაცილებით მეტი, ვიდრე სამი და ოთხი წლის წინ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა.
„2012-2016 წლის მოწვევის პარლამენტი, ჩემს პოზიციაზე ვინც იყო, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი (ახვლედიანი), ნაცების სიაშია დღეს ოფიციალურად. რა ძალაზეა საუბარი. ის ხალხი, ვინც „ქართული ოცნების“ კოალიციაში იყო, ვინ აღმოჩნდა ბოლოს, სად არიან ახლა, შეხედეთ. ანუ, ერთ დღეში დაშლიდნენ უმრავლესობას. მთავარი გამოწვევა იყო გადაგეგორებინა ეს პერიოდი.
იგივე არა, მაგრამ მსგავსი სიტუაცია გახლდათ 2016-2020 წლის პარლამენტში, რამდენი გავიდა, რა ფორმით გავიდა, დღეს რომელი ტელევიზიების ეთერში სხედან და რა თემებით გვამუნათებენ, როგორი სპეკულაციურით და საუკუნის აფიორა აყოლილი თემებით როგორ პოზიციონირებენ, გვახსოვს ხომ? აქაც რამხელა რისკები იყო.
და პირველად, რატომ შევძელით ეს, ხშირად ვამბობ ხოლმე, ვტრაბახობ ამით და ვიტრაბახებ მთელი ცხოვრება, სამ კაცში საიდუმლო რომ არ იმალება, ეს ხომ ცნობილი ამბავია. ალბათ, მე არ მგონია, მსოფლიოში მეორე პრეცედენტი იყოს, რომ ოთხი წლის განმავლობაში 84 კაცმა, მაგალითად, ბევრი საიდუმლოს შენახვა შეძლო. ასეთი უმრავლესობა ჰყავს დღეს საქართველოს და ასეთი შეკრული გუნდია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო და ზოგადად, გუნდი. როგორ დადგნენ, ფაშისტური, ფსევდო-ლიბერალური ბულინგის ფონზე რა შეძლო უმრავლესობამ. არ გატყდა არცერთი კაცი. ყოველდღე ითვლიდნენ რომელი გატყდებოდა, ყოველდღე ვიღაცას აბულინგებდნენ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.