„ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე იჯდა სამი ქალი. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ჩემთვის სამივე პოლიტიკურად მიუღებელია, ზოგადად, მათი აზრები პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა მიუხედავად ამისა, შემიძლია ვთქვა, რომ სამივეს უფრო ვაჟკაცური თვისებები აქვთ, ვიდრე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამ კონკრეტულ წარმომადგენლებს. ადამიანი რომ გეტყვის, ქუთაისში მივდივარ, ამიტომ ვერ მოვალ, შემდეგ კი ჟურნალისტებთან, თქვენ წინაშე დადგება და იტყვის, ბოიკოტი გამოვაცხადეო, თუ რაც თქვა, არ ვიცი, რაც შეიძლება, დაერქვას ამას, ზუსტად ის ჰქვია“ - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მიმდინარე კონსულტაციებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს: „სტრატეგის აღმაშენებელი“ უნდობლობას უცხადებს პროცესს და დღევანდელ შეხვედრაზეც ამ მიზეზით არ იმყოფებოდნენ. ამბობენ, რომ ეს პროცესი არის ფარსი. როგორ შეაფასებთ მათ მოქმედებას“.

კითხვაზე, „ვინ გითხრათ, ქუთაისში მივდივარო, ვინაიდან მაგალითად, პაატა მანჯგალაძე პარლამენტში იმყოფება“, მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ ზუსტად ამის შესახებ საუბრობს, საკანონმდებლო ორგანოში რომ იმყოფებოდა, მანამდე კი უთხრა, რომ ქუთაისში მიდიოდა.

„არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანი რომ გეტყვის, ქუთაისში ვაპირებ წასვლას, ვერ მოვალო, შემდეგ კი აღმოჩნდება, თურმე ბოიკოტს აცხადებდა და ასეთი მდაბიო ტყუილი იკადრა, რა სახელიც ჰქვია, რაც მოაფიქრდება ნებისმიერ ადამიანს, ვინც მოისმენს, ზუსტად ესაა საქმე. საკანონმდებლო ორგანოში რომ იმყოფება და ასეთი რაღაც მითხრა, ზუსტად ამაზე ვლაპარაკობ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისათვის: სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსულტაციები გაიმართა.

უმრავლესობიდან კონსულტაციებში მონაწილეობდნენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე, ოპოზიციიდან კი ალეკო ელისაშვილი, სანდრო რაქვიაშვილი, ხათუნა სამნიძე, ბექა ლილუაშვილი, ფრიდონ ინჯია და ხატია დეკანოიძე. კონსულტაციებს არ ესწრებოდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები.