მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და საკუთარი და თავისი თანაგუნდელების პოზიცია დააფიქსირა.
ხაზარაძის თქმით, ის, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ვებრძვით და გვინდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები გამოვტაცოთ მის ერთპარტიულ მმართველობას, არ ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რევოლუციურ მიწოდებებს წინ არ აღვუდგებით. “ლელო” ყოველგვარ რევოლუციურ მოწოდებას ემიჯნება. მინდა, ეს ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო. ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ყოველგვარ რევოლუციურ და მსგავს მოწოდებებს ვემიჯნებით ახლავე. „ლელო“ არის ძალიან მყარად იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც იდგა - რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ვიპოვოთ შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენს სახელმწიფოს სტაბილურობას მოუტანს. არ უნდა მოხდეს ის, რომ ოღონდ ახლა შემოდით პარლამენტში და შემდეგ ვილაპარაკოთ. არა, ეს უნდა იყოს სამართლიანი შეთანხმება და კომპრომისი, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან,”-განაცხადა ხაზარაძემ. როგორც ხაზარაძემ საუბრისას აღნიშნა, რევოლუცია უნდა ამოვიღოთ სალაპარაკო ლექსიკონიდან ყველამ, რადგან ამ ქვეყანას რევოლუცია საბოლოოდ დაღუპავს. “რევანშისტული, რევოლუციური და ამ ტიპის სცენარები უნდა ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან. უნდა ვეცადოთ, რომ ამ დარჩენილ დროში მოვახერხოთ შეთანხმება. თუ შეთანხმება არ მოხდა, ეს არ ნიშნავს, რომ მიდიხარ და რევოლუციას აწყობ. ჩვენ ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, ისევე, როგორც ვეწინააღმდეგებით დღეს, ამ ძალიან მძიმე მოლაპარაკებების ფონზე, ელჩებზე თავდასხმას. რაც შეეხება იმას, თუ სად ვიქნებით ჩვენ, მოგახსენებთ, რომ ჩვენ და სხვა ოპოზიციური პარტიებიც იქნებიან პარლამენტის გარეთ და მთელი სიმძიმე და პასუხისმგებლობა დაეკისრება ერთპარტიულ პარლამენტს, რომელიც იქნება სირცხვილი ამ 30-წლიანი დამოუკიდებლობის და პარლამენტარიზმის ისტორიაში, იქნება სირცხვილი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, იქნება ქმედუუნარო და არალეგიტიმური“, - განაცხადა ხაზარაძემ.