გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას, დღეს ვნახე გახარიას პარტიის განცხადება. ვფიქრობ, მომენტუმი იქნება გაშვებული, რადგან დღეს ქვეყანას სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე რაღაც ტექნიკური საკითხებია, – ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პრეზიდენტის სასახლის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"სამი დღის წინ მე პირადად გამოვხატე სურვილი, რომ მზად ვიყავი, გახარიასთან და მის გუნდთან დაგვეწყო კონსულტაციები ერთი მიზნის გამო, დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, გავისტუმროთ ხელისუფლებიდან, რათა საქართველო დავაყენოთ ძალიან სწრაფად ევროკავშირის გზაზე. იმავე დღეს ამას გამოეხმაურა პრეზიდენტი, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკება პრეზიდენტის ჩართულობით. გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას. დღესაც გითხარით, როდესაც პენსიონერებს ვხვდებოდით, რომ ჩვენი ჯგუფი და კოალიცია მზად არის ხელმოსაწერად და ამისთვის ველოდებით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. სამი საათი თუ ოთხი იყო დაწყებული, ვნახე განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა.
არც ეს არის ტრაგედია, თუმცა, ვფიქრობ, მომენტუმი იქნება გაშვებული, რადგან დღეს ქვეყანას და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე რაღაც ტექნიკური საკითხები და ასე შემდეგ. მე პირადად ეს შევძელი, ბადრიმაც, დაწყებული ალეკო ელისაშვილთან კოალიციის გაფორმებით. ამ კოალიციაშია არიან ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ესენი არიან კოალიციის პარტნიორები, მათ პატივს ვცემ. ისინი არიან ამ გარიგების ნაწილი. რახან აქ ვლაპარაკობ და დღეს მოვდიოდი ხელმოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კოალიციის სახელით. ბევრი კონტრაქტი გამიფორმებია ჩემი ცხოვრების მანძილზე მსხვილ კორპორაციებთან, ბოლო მომენტამდე არის ვნებათაღელვა, მაგრამ ვნებათაღელვა მთავრდება, როგორც კი ხელმოწერა ხდება. ჩვენ ხელმოწერისთვის მზად ვიყავით გუშინ, როცა დავტოვე პრეზიდენტის სასახლე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
კითხვაზე რა შეიცვალა, რის გამოც ვერ მოხერხდა შეთანხმება, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა:
„შეიძლება, ამ ეტაპზე ასე ჩათვალეს. პატივს ვცემ კოალიციის იმ წევრებს, რომლებიც ჩვენთან არიან ზომის, წონის თუ იმის მიუხედავად, ვის მეტი ხალხის რაოდენობა ჰყავს და ასე შემდეგ. ამით არ ვუყურებთ პარტნიორობას. ჩვენ გამოვედით ერთიანი პოზიციით. პარიტეტი ჩვენ შორის, ყოფილ „ლელოს“ და გახარიას პარტიას შორის არის, ამაზე ჩვენ შევთანხმდით. პარიტეტი მოლაპარაკებულია გახარიას პარტიასა და „ლელოს“ პარტიას შორის. ასევე სამი ადამიანი, რომლებიც შემოვიდნენ კოალიციაში და ამის გამო სახელიც კი შევცვალეთ და დავარქვით „ძლიერი საქართველო“, ისინიც უნდა ყოფილიყვნენ გათვალისწინებული, როგორც ამ კოალიციის დიდი ჯგუფის ნაწილი“, – განაცხადა ხაზარაძემ.
დღეს პარტიამ „საქართველოსთვის“ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „როგორც ჩანს, „ლელომ“ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია, საარჩევნო დრო უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა“.