არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დებატების გახსნა არალეგიტიმურ, თვითმარქვია პრემიერთან, რომლის პოლიტიკამაც შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, რაც მთავარია, მოიპარა არჩევნები და მიიტაცა ხელისუფლება. - ამის შესახებ "ლელოს"ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
"აბსურდია რაიმე ფორმის დებატებზე საუბარი. ამის ნაცვლად დაუყოვნებლივ, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ პოლიციის ფორმაში გადაცმული კრიმინალები, რომლებიც ასახიჩრებენ და ძალადობენ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებზე! ასევე, გათავისუფლდნენ დაკავებული მოქალაქეები!
ერთადერთი სალაპარაკო არალეგიტიმურ "რუსულ ოცნებასთან" არის საკითხი - როდის ჩაინიშნება ახალი არჩევნების თარიღი!" - წერს მამუკა ხაზარაძე "ფეიბუკში".
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მთავრობის ყოფილმა მინისტრებმა, თინათინ ხიდაშელმა და მიხეილ ჯანელიძემ „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი თავად გამოთქვეს.
ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილთან ერთად, შესთავაზა საზოგადოებრივ მაუწყებელს, 4 დეკემბერს დაუთმოს ეთერი მიხეილ ჯანელიძესა და თინათინ ხიდაშელთან საჯარო დისკუსიისთვის.