აშკარად პოლიტიკური კუდრაჭობის გამოხატულებაა ამ ფორმულირების გამოყენება, რომ „მე ვერა, მაგრამ თუ ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა იმკურნალოს, მოდი, სასამართლომ სასჯელი გადაავადოს და ამ გზით ვიაროთ“, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა მამუკა კაციტაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, მიხეილ სააკაშვილზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული კომენტარის შეფასებისას განაცხადა.

„ამ ტიპის არგუმენტების მოშველიება პრეზიდენტის მხრიდან ეს უფრო პოლიტიკური კუდრაჭობის საკითხია. როცა შენ იცი, რომ შეზღუდულ უფლებამოსილებებში შეგიძლია რაღაც პრობლემა გადაჭრა და ამ დროს ამბობ, რომ მოდით, რა მე ნუ გამომაყენებინებთ ამ ჩემს უფლებამოსილებას და იქნებ სასამართლოზე გადავაბალახოთ ეს სიტუაცია, ეს არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, შემდეგ ხელისუფლებიდან წამოსული შესაძლო უკმაყოფილებების არიდება და ა.შ. ეს ხომ მისი ექსკლუზიური კომპეტენციაა? მერე შეიძლება მართლა ვიღაცამ თქვას, მისი ბრალია, ეს არ უნდა ექნა, მაგრამ არსებობს რაღაც-რაღაცები, რასაც გვერდს ვერ აუვლი. ის, რომ პატიმარი უნდა სარგებლობდეს თავისი უფლებებით, ეს არის ჩვეულებრივი მომენტი ყველა ქვეყანაში, ნაკლები დემოკრატიის პირობებშიც, ვიდრე საქართველოა და უფრო დემოკრატიულ ქვეყანაზე აღარ მაქვს საუბარი. გათავისუფლება, არგათავისუფლების საკითხი სასამართლოს კომპეტენციაა, მაგრამ ის, რომ პატიმრის უფლებები, მით უმეტეს, ავადმყოფი პატიმრის უფლებები, მით უმეტეს ძალიან რთულ მდგომარეობაში მყოფი პატიმრის უფლებები რომ დასაცავია, აქ არ არის საჭირო იმაზე ფიქრი, მე როგორ ავირიდო პასუხისმგებლობა, ვერ მოგიტანს ეს პოლიტიკურ დივიდენდს“, - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი საექსპერტო დასკვნა იქნება, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ზურაბიშვილის განმარტებით, აღნიშნულით სასამართლო ორ საკითხს გადაწყვეტს, მათ შორის, დაამტკიცებს, რომ ის დამოუკიდებელია.