ცინიზმია, რომ საქართველოს კრიტიკით არიან დაკავებული სწორედ ის ქვეყნები, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობაც აქვთ რუსეთთან, ვაჭრობაც და ეკონომიკაც, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში.
მისივე თქმით, არსებობს კითხვები, რომელსაც, საქართველოს ხელისუფლება, როგორც პასუხისმგებლობიანი მთავრობა, ყველა შესაბამის ფორმატში დასვამს.
"საქართველო არის ის ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან მოლაპარაკებები აქვს ერთადერთ ფორმატში - ეს არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, სადაც, საქართველოსთან ერთად, წარმოდგენილი არის აშშ, გაერო, ეუთო ევროკავშირი და ეს ყველა ერთნაირად ქმნის ამ ფორმატს. რამდენად ეფექტიანია ეს ფორმატი, კი ვხედავთ. ამდენი წელია, ამ ფორმატში ხდება დიალოგი თუ მონოლოგები, მაგრამ დიდი შედეგები არ მიგვიღწევია. კონფლიქტი კონფლიქტად რჩება, გადაუჭრელად, ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ორი რეგიონი ოკუპირებულია და ადამიანები, რომლებიც ამ რეგიონებიდან გამოუშვეს, კვლავ არიან მოკლებული შესაძლებლობას, რომ დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს. ეს არის რეალობა, რომელშიც ცხოვრობს საქართველო და ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს და, ამავდროულად, კიდევ ერთი ცინიზმი არის ის, რომ სწორედ საქართველოს კრიტიკით არიან დაკავებული, მაშინ, როდესაც რუსეთთან ურთიერთობებზეა საუბარი - ის ქვეყნები, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობაც აქვთ, ვაჭრობაც აქვთ, ეკონომიკაც აქვთ... ყველაფერი აქვთ რუსეთთან და სწორედ ისინი აკრიტიკებენ ქვეყანას, რომელსაც არც დიპლომატიური ურთიერთობა აქვს, ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული, არაერთი ომი გამოიარა და ამხელა საფრთხეების წინაშე დგას და ეს ერთგვარად უფრო მეტ კითხვას აჩენს, რა ინტერესი არსებობს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების გამოყენებისთვის სხვაგან, რა უნდათ საქართველოსგან, რა არის ის, რაც იქნებოდა დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში? გაყინულია ასეთი მდგომარეობა, თუ ცხელი კონფლიქტი? რა თქმა უნდა, არის ეს კითხვები, რომელიც გვაწუხებს. უპასუხისმგებლოები უნდა ვიყოთ, რომ არ გვებადებოდეს ეს კითხვები - რა არის რეალური ინტერესები ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით?", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.










