ომი გრძელდება და არ ჩანს მკაფიო კონტურები, თუ როგორი შეიძლება იყოს სამშვიდობო შეთანხმება, რა შეიძლება იყოს საბოლოო შედეგი. არათუ საქართველოზე - ამ ომის დასრულება რა გავლენას იქონიებს ევროპაზე, არავინ იცის, - ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა.
"ჩვენ ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს, როდესაც უკრაინასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ - ხშირად ხდება, რომ რეზოლუციებს ვუერთდებით, არის დოკუმენტები... ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, რაც ძვირფასია ჩვენთვის და რაც ეხება ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის დაცვას. აქ ჩვენ სუბიექტურებიც ვართ და ობიექტურებიც.
პირველ რიგში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სამართლის ეს პრინციპები იყოს პატივცემული და დაცული. ეს ჩვენც გვეხება - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაც ხელყოფილია და მნიშვნელოვანია, ვიყოთ თანმიმდევრულები, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვაზე.
მოლოდინები გაჩნდა მაშინ, როდესაც ვნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის პირადი და აშშ-ის ძალისხმევა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გადაიდგას ნაბიჯები სამშვიდობო შეთანხმებისკენ. თუმცა ამ დრომდე ვხედავთ, რომ ომი გრძელდება და, სამწუხაროდ, უკრაინაში კვლავ იხოცება ხალხი.
ეს ძალიან სამწუხაროა. ომი გრძელდება და არ ჩანს მკაფიო კონტურები, თუ როგორი შეიძლება იყოს სამშვიდობო შეთანხმება, რა შეიძლება იყოს საბოლოო შედეგი. არათუ საქართველოზე - ამ ომის დასრულება რა გავლენას იქონიებს ევროპაზე, არავინ იცის," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.











