საქართველო და უნგრეთი ვიზიარებთ საერთო ძალისხმევას მშვიდობის მიმართ და ვხედავთ ომის დამანგრეველ შედეგებს ევროპაში. ჩვენ გვაერთიანებს ერთობლივი ძალისხმევა მშვიდობისა და ღირებულებებისადმი, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა ევროკავშირი და რომელსაც დღეს დიდი საფრთხე ექმნება ევროპის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს მშვიდობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას.

„მადლობას გიხდით გულთბილი მასპინძლობისთვის ამ შესანიშნავ ქალაქში. ყოველთვის სასიამოვნოა ამ ქალაქში სტუმრობა და თქვენთან შეხვედრა, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. ჩვენი ქვეყნები მხოლოდ მეგობრები არ არიან, არამედ ჩვენ გვაერთიანებს სტრატეგიული მიზანი, რომელზეც ვისაუბრეთ. ჩვენ გვაერთიანებს ერთობლივი ძალისხმევა მშვიდობისა და საერთო ღირებულებებისადმი, რომელსაც თავის დროზე დაეფუძნა ევროკავშირი და რომელსაც დღეს დიდი საფრთხე ექმნება ევროპის მასშტაბით. პირველ რიგში, მსურს, გულწრფელი მადლობა გამოვხატო უნგრეთის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.

სუვერენიტეტის დაცვა დღევანდელ გამოწვევებით სავსე სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქართველოს მთავრობაც და უნგრეთის მთავრობაც აშკარად აცნობიერებენ იმ რისკებს, რომლებიც უკავშირდება სუვერენიტეტზე თავდასხმას და საჭიროებს მის მტკიცედ დაცვას, მიუხედავად ხშირი კრიტიკისა, რომელსაც ვიღებთ ჩვენი სუვერენული უფლებების დაცვის დროს. ერთობლივი ძალისხმევა, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი საერთო მომავლისთვის, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ერთმანეთთან დაკავშირებული. ჩვენ ასევე ვიზიარებთ საერთო ძალისხმევას მშვიდობის მიმართ და ვხედავთ ომის დამანგრეველ შედეგებს ევროპაში. ეს ნათლად აჩვენებს პასუხისმგებლიანი და ფრთხილი პოლიტიკის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს შემდგომი არასტაბილურობის თავიდან აცილებას და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას.

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს მშვიდობაზე ორიენტირებულ ძალისხმევას და პოლიტიკას. ჩვენს მთავრობებს ასევე აერთიანებთ ტრადიციული ღირებულებების დაცვა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაერთიანებს საერთო, მტკიცე გადაწყვეტილება, რომ დავიცვათ კონსერვატიული ღირებულებები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ერების ჯანსაღი და მდგრადი მომავლის განვითარებისთვის. ეს არ არის ადვილი ამოცანა დღევანდელ სამყაროში და ხშირად ვაწყდებით უსამართლო მოპყრობას მტკიცე და პრინციპული პოზიციების გამო“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ სუვერენული სახელმწიფოების ურთიერთობა არ უნდა განისაზღვრებოდეს ბრიუსელიდან.

„მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო უნგრეთს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. თქვენ ის გაბედული მინისტრი ხართ, რომელიც თამამად ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის ინსტრუმენტალიზაციას და დასჯის იარაღად გამოყენებას სწორედ ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების და ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე.

„მსურს, მოკლედ შევეხო ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის საკითხს. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ძალიან კარგად ვითარდება. ჩვენი მთავრობები ძალიან კარგად თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი პარტნიორობა ორივე ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება და ევროპის უფრო ფართო უსაფრთხოებას და კეთილდღეობას უწყობს ხელს. საქართველოს როლი, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდი, შეუცვლელია და მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, თანამშრომლობით შეიძლება ჩვენი საერთო ინტერესების ეფექტურად დაცვა. ასევე, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ქართველი საჯარო მოხელეების მხარდაჭერისთვის. გასული წლის შემოდგომაზე 50-მდე საჯარო მოხელეს ჰქონდა შესაძლებლობა, უნგრეთის გამოცდილება გაეზიარებინა, რისთვისაც პირადად გიხდით თქვენ მადლობას. ჩვენი მიზანია სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება და გაღრმავება. ეს თანამშრომლობა მყარ საფუძველზე დგას და გამყარებულია მაღალი დონის მთავრობათაშორისი თანამშრომლობით. მოუთმენლად ველოდებით უნგრეთის მთავრობის საქართველოში ვიზიტს. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებას, მადლობას გიხდით მეგობრობისთვის, მხარდაჭერისა და შესანიშნავი თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.