ევროკავშირი დღეს არის ძლიერი სახელმწიფოების გაერთიანება და საქართველომ ევროკავშირში წევრობით უნდა შეძლოს და იყოს კონკურენტუნარიანი ამ ქვეყნებს შორის. როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველო უნდა მოემზადოს ევროკავშირში წევრობისთვის, ეს ნიშნავს, საქართველომ შეძლოს, დაიცვას საკუთარი ინტერესები, მათ შორის ეკონომიკური და არ მოხდეს უარყოფითი გავლენები სხვადასხვა სფეროზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილს ევროინტეგრაციის პროცესზე შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

„კარგი იქნება, თუ კარგად გაიგებდით შალვა პაპუაშვილის განცხადების სულისკვეთებას. თუ ვერ გაიგეთ, შევეცდები, აგიხსნათ. ზოგადად, ევროკავშირში გაწევრიანება და ევროკავშირში წევრობა საკმაოდ ხანგრძლივი, რთული პროცესია. ეს პროცესი გაიარა არაერთმა ქვეყანამ. ჩვენ შეგვიძლია, შევისწავლოთ სხვა ქვეყნების მაგალითები. მაგალითად, ავიღოთ 2004 წლის დიდი გაფართოება, როდესაც, სხვათა შორის, საბჭოთა კავშირიდან გამოსული სამი ქვეყანაც გაწევრიანდა ევროკავშირში. ეს პროცესი მათ გაიარეს, ეს პროცესი გაიარა ყველა ქვეყანამ, რომელიც გახდა ევროკავშირის წევრი. ტრანსფორმაციის პროცესი და, ზოგადად, დრო არის ხოლმე ხანგრძლივი და ამ ხანგრძლივ პერიოდში, რა თქმა უნდა, ხდება ევროკავშირის მხრიდან ამ ქვეყნების მიმართ მხარდაჭერა, რათა ევროკავშირის წესებთან ადაპტაცია მოახდინონ. რატომ ხდება ეს მხარდაჭერა? რადგან ევროკავშირის წევრობა, ევროკავშირში გაწევრიანება რთულია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ეკონომიკურად სათანადოდ არ არიან მომზადებული. პრიორიტეტებზე როდესაც  ვსაუბრობთ, პირველი პრიორიტეტი არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რადგან, გარდა იმისა, რომ ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უკეთესი ცხოვრების პირობების შესაქმნელად, მათ შორის, ეს სჭირდება ევროკავშირში წევრობას, სჭირდება იმას, რომ საქართველო იყოს კონკურენტუნარიანი ქვეყანა ძლიერ სახელმწიფოებს შორის.

ევროკავშირი დღეს არის ძლიერი სახელმწიფოების გაერთიანება და საქართველომ ევროკავშირში წევრობით უნდა შეძლოს და იყოს კონკურენტუნარიანი ამ ქვეყნებს შორის. სწორედ ამაზეა საუბარი. როდესაც ვამბობთ, საქართველო უნდა მოემზადოს ევროკავშირში წევრობისთვის, ეს ნიშნავს, რომ საქართველომ შეძლოს, დაიცვას საკუთარი ინტერესები, მათ შორის ეკონომიკური ინტერესები და არ მოხდეს უარყოფითი გავლენები სხვადასხვა სფეროზე.

ჩვენ გვაქვს გამოცდილება ასოცირების შეთანხმების შესრულების სხვადასხვა მიმართულებით, რასაც სჭირდება დრო და ეს არის საუკეთესო მაგალითი, როგორ უნდა მოახდინო ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გაფორმდა სწორედ იმიტომ, რომ მომხდარიყო სხვადასხვა სფეროში ქვეყნის მომზადება ევროკავშირში წევრობისთვის. ამ მიმართულებით გვაქვს დიდი პროგრესი, ამას ვაკეთებთ წარმატებით. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირთან მოლაპარაკებებს როდესაც დავიწყებთ, სწორედ ამისკენ იქნება მიმართული, რა ეტაპები, რა დრო დასჭირდება საქართველოს, ქართული ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს ადაპტაციას ევროკავშირის წესებთან იმგვარად, რომ არ დაზიანდეს ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კითხვაზე, „დღეს თუ სთავაზობენ საქართველოს წევრობას, ქვეყანა უარს ეუბნება?“, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ეს პაპუაშვილის განცხადების არასწორი ინტერპრეტაციაა.

„არავის უარს არ ვეუბნებით, რასაც მეკითხებით, აბსოლუტურად სპეკულაციური ინტერპრეტაციაა იმ განცხადების, რაც გაკეთდა. თავად ევროკავშირი ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ უნდა მოახდინოთ საზოგადოების მოლოდინის მართვა. დღეს ვერ გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა ხვალ ხდება ევროკავშირის წევრი, რადგან ამისთვის არც ევროკავშირია მზად და არც საქართველო. ევროკავშირი და საქართველო როცა იქნებიან მზად, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ჩვენი საქმე რაც არის, ჩვენ უნდა ვაკეთოთ ყველაფერი, რათა პროცესი მივიყვანოთ 2030 წლამდე, რაც არის ჩვენი დაპირება, რომ საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იყოს ყველაზე კარგად მომზადებული წევრობისთვის “, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მედიის წარმომადგენელმა მაკა ბოჭორიშვილს ასევე მიმართა: „ყველა ოპოზიციონერმა თქვა, რომ პაპუაშვილის განცხადება არის აღიარება, რატომ სჭირდებოდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ თუნდაც ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტა დაეწყოთ“, რაზედაც ბოჭორიშვილმა აღნიშნა:

„ჩემი რჩევა იქნება, ნუ დაუჯერებთ მატყუარებს და ეცადეთ, სწორად წაიკითხოთ განცხადება“.