„ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ საერთო, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს გვაერთიანებს არის მიზანი - გავხდეთ ევროკავშირის წევრები“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველი საპარლამენტთაშორისო კონფერენციის გახსნისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ევროინტეგრაციის საკითხებზე, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, კონფერენცია პირველად იმართება.
„საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა. ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა საქართველოს ძლიერი სწრაფვა ევროპული ოჯახის წევრობისკენ, რომელიც ნაკარნახევია საქართველოს ისტორიით, კულტურით, იდენტობით და რა თქმა უნდა, ხალხის ნებით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ დიდი ძალისხმევა გასწია იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მისულიყვნენ ამ გადაწყვეტილებამდე და გაეღოთ ევროკავშირის კარი ჩვენი ქვეყნისთვის.
„ქვეყნის ტრანსფორმაცია, ტოტალიტარული მმართველობის ფორმის ჩანაცვლება დემოკრატიული დღის წესრიგით და წარმატებული რეფორმები იქცა მთავარ ქვაკუთხედად ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ბუნებრივია, ამ პროცესში ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ევროკავშირის ქვეყნებთან და ევროკავშირის ინსტიტუტებთან ურთიერთობებს და კავშირებს. თუმცა დღეს, არა ნაკლებ მნიშნველოვანია ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო ურთიერთობები“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ჩვენი რთული ისტორიიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ამ დრომდე საკმაოდ მწირი ურთიერთობები გვაკავშირებს, რაც აუცილებლად უნდა შევცვალოთ.
„დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნები დიდი ხანია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არიან. ბუნებრივია, მათი გამოცდილება ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია. დღევანდელი შეხვედრის იდეაც სწორედ ეს არის მეტი გავიგოთ ერთმანეთის შესახებ, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე რაც საერთო მიზნის, ევროკავშირში წევრობის მიღწევაში დაგვეხმარება.
ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ გზა, რომელიც ევროკავშირის წევრობამდე უნდა გავიაროთ არც სწრაფია და არც მარტივი“, - აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე შეფასებით, დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების გამოცდილება, პროცესები, რაც მათ განვლეს და გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს დგანან, საქართველოსთვის საყურადღებოა.
„პარლამენტების როლი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გამორჩეულია. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ პარლამენტის წევრები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან ამ ფორმატში, რომ საფუძველი ჩავუყაროთ პოლიტიკურ დიალოგს საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პარლამენტებს შორის ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იმედს გამოვთქვამ, რომ დღევანდელი წარმატებული შეხვედრა მომავალში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით წინგადადგმული ერთ დიდი ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ამ იდეის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის.