11 ივნისს ევროკომისიაში დაგეგმილი შეხვედრა არის ტექნიკური ხასიათის და მიზნად ისახავს იმ წინაპირობების აღმოფხვრას, რომელიც ევროკავშირმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის აამოქმედა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, 11 ივნისთან დაკავშირებულ შეხვედრაზე ევროკავშირის მხრიდან ინფორმაცია უცნაური ფორმით გაჟღერდა, რასაც არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა.

„11 ივნისს ევროკომისიაში დაგეგმილი შეხვედრა რეგულაციით არის გათვალისწინებული, იმ შემთხვევაში, როდესაც ევროკავშირის გადაწყვეტილებით ამოქმედდება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი, ევროპული მხარე ვალდებულია ასეთი დიალოგი წამოიწყოს მესამე ქვეყანასთან, ამ შემთხვევაში საქართველოსთან, იყოს მსჯელობა, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ურთიერთობები. თავად ევროკავშირის მხრიდან ეს ინფორმაცია უცნაური ფორმით იქნა გაჟღერებული, რასაც მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და კომუნიკაციები.

ვნახეთ პოლიტიკოსების, აქტივისტების განცხადებები, რომლებიც ცდილობენ, ვიზალიბერალიზაციის საკითხი გამოიყენონ შანტაჟისთვის, მოქალაქეებში გააჩინონ შიში, თითქოს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის ემუქრება საფრთხე. შეხვედრა არის ტექნიკური, გაიმართება სამუშაო დონეზე, ეს არის ის, რასაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია. ჩვენ ველოდებით, რომ შეხვედრა იქნება კონსტრუქციული, რადგან ჩვენი ინტერესია, რომ კონსტრუქციულად განვიხილოთ გზები, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ის წინაპირობები, რა წინაპირობებიც იქნა გამოყენებული ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად. დაველოდოთ 11 ივნისს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მეტის თქმის შესაძლებლობა უკვე თავად შეხვედრის შემდგომ, მანამდე უბრალოდ კარგი იქნებოდა, თუ პოლიტიკოსებიც და სხვადასხვა აქტორებიც თავს შეიკავებდნენ ამ თემაზე სპეკულაციებისგან, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლება 11 ივნისს შეხვდება.