საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივი ფორმატი მნიშვნელოვანია. ეს პირველ რიგში კარგი შესაძლებლობაა, შევაფასოთ ჩვენი სამმხრივი თანამშრომლობა, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ რეგიონისთვისაც, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, მინისტერიალის ფარგლებში განიხილეს ის პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა.

„ვიმსჯელეთ იმ სამომავლო გეგმებზე, თუ როგორ შეიძლება, განვავითაროთ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, რათა სამი ქვეყნის როლი, განსაკუთრებით დაკავშირებადობის კონტექსტში უკეთ იყოს წარმოჩენილი. არსებობს მთელი რიგი იდეები, მთელი რიგი პროექტები, რასაც სჭირდება ჩვენი ყოველდღიური მუშაობა, თანამშრომლობა და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ პოზიტიური დინამიკით და პოზიტიურად ჩატარდა შეხვედრა. სტამბოლის დეკლარაცია აჯამებს ჩვენს შეხვედრას, ეხება ყველა იმ მნიშვნელოვან თემას რაც ჩვენ განვიხილეთ, უსაფრთხოების თემებიდან დაწყებული. თურქეთიც და აზერბაიჯანით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს, საქართველოს სუვერენიტეტს პატივს სცემენ, ეს საკითხებიც იყო აღნიშნული დეკლარაციაში. ჩვენ ასევე შევეხეთ სხვადასხვა თემებს, რაც ეხება რეგიონულ განვითარებას, უფრო ფართო რეგიონს, ზოგადად მდგომარეობას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ასევე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს. ეს საკითხები ყველაფერი არის ასახული სტამბულის დეკლარაციაში. ასევე, საუბარია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც სამ ქვეყანას შორის არის განხორციელებული და სამომავლო გეგმებზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, დავაფიქსირეთ კიდევ ერთხელ ჩვენი საერთო ხედვა და საერთო მისწრაფება, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული იყოს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.