აზერბაიჯანი ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია და უკვე მრავალი წელია, ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვან პროექტებს სწორედ ამ მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად ვახორციელებთ. თუმცა, თანამედროვე პირობებში, გლობალური გამოწვევებისა და იმ გეოპოლიტიკური მოცემულობის ფონზე, რომელშიც დღეს გვიწევს არსებობა, ჩვენს ურთიერთობებს, ორ ქვეყანას შორის არსებულ დინამიკასა და თანამშრომლობის პოტენციალს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, იყოს აზრთა რეგულარული გაცვლა, მუდმივად იყოს მუშაობა სხვადასხვა საკითხზე, რათა ორივე ქვეყანა უკეთ იყოს წარმოდგენილი არსებულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში.

„აზერბაიჯანთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შინაარსობრივად საკმაოდ მსუყეა. შეიძლება ითქვას, ის მოიცავს ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგსაც. მიმდინარე წელს არაერთი მაღალი და უმაღლესი დონის სახელმწიფო ვიზიტი განხორციელდა: აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი განახორციელა. ასევე შედგა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის არაერთი ვიზიტი საქართველოში და მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა სექტორული მინისტრების ვიზიტები ორ ქვეყანას შორის. ეს პოლიტიკური დიალოგი მხოლოდ ზედაპირული საუბარი არ არის. ის ეხება კონკრეტულ პროექტებს, ჩვენს გარშემო არსებულ იმ მოცემულობასა და იმ პოტენციალს, რაც დღეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს აქვთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სატრანსპორტო დერეფნის განვითარების, ენერგორესურსების ტრანზიტისა და, ზოგადად, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში, ეს ქმნის შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ორივე ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სხვადასხვა რეგიონთან რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას.

„ჩვენი ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა იმის განსაზღვრა, რა უნდა გავაკეთოთ, ერთი მხრივ, აზერბაიჯანმა, მეორე მხრივ კი საქართველომ და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ერთობლივად, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, რათა შუა დერეფნის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ჩვენი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებითა და დაცვით. რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სხვადასხვა რეგიონთან რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას. ამ კონტექსტში კი, სწორედ ასეთი თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს დამატებით ღირებულებას შუა დერეფნის განვითარებისთვის.

ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალი წლის დასაწყისშიც გაგრძელდება ვიზიტების გაცვლა, რომლის ფარგლებშიც კონკრეტულ საკითხებს განვიხილავთ. მოგეხსენებათ, ევროკავშირის მხრიდანაც დაგეგმილია არაერთი შეხვედრა დაკავშირებადობის საკითხებზე, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი რეგიონის ქვეყნები, მათ შორის საქართველო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ კონტექსტში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის – იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც შუა დერეფნის განვითარებაში საკვანძო ფუნქციასა და როლს ასრულებენ, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება. კონკრეტული პროექტები იცით – ის რაც უკვე განხორციელებულია, ის პროექტები, რომლებიც დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. პროექტები არსებობს, ასე ვთქვათ, შუა დერეფნის რუკაზე და აქვს თავისი მნიშვნელობა და პორტები. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც დაგეგმილია, მათ შორის ანაკლიის პორტის განვითარება, რაც ძალიან დიდი მნიშვნელობის პროექტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უფრო ფართო რეგიონისთვის, როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ამ თემებზე ჩვენს პარტნიორებთან, რა წვლილი შეიძლება, შეიტანოს ჩვენმა საერთაშორისო თანამშრომლობამ იმ პროექტების განვითარებაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე შუა დერეფნის განვითარებისთვის“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირისთვის დაკავშირებადობის საკითხი, პირველ რიგში, უსაფრთხოების კონტექსტში განიხილება.

„ბრიუსელთან ურთიერთობა და საქართველოს როლი – აქ ძალიან მარტივად არის საქმე. საქართველოს როლი დღეს არ დაბადებულა. ჩვენს ქვეყანას ეს როლი უკვე დიდი ხანია აქვს.​ დიახ, ხაზი გავუსვი სწორედ იმ ფუნდამენტს, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობით შეიქმნა. დღეს ძალიან აქტუალურია დაკავშირებადობის საკითხი. ევროკავშირის ქვეყნები და თავად ბრიუსელი არაერთ ღონისძიებას მართავენ სწორედ ამ თემაზე.

ევროკავშირისთვის დაკავშირებადობის საკითხი, პირველ რიგში, უსაფრთხოების კონტექსტში განიხილება. როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, აქ, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება სამხედრო თვალსაზრისით უსაფრთხოება. უსაფრთხოებას ძალიან ფართო ცნება და მნიშვნელობა აქვს. აქ იგულისხმება როგორც ენერგეტიკული პროექტები, ისე მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოება და ასე შემდეგ.​ შუა დერეფანი კი დღეს სწორედ ის ხაზი და დაკავშირებადობის ჯაჭვია, რომელიც ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, საქართველო ამ რუკაზე არის, იყო და იქნება. რაც შეეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, რომელიც ევროკავშირს აქვს გაწყვეტილი – რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის პასუხისმგებლობაა ერთი მხრივ, როგორ წარმართავს ურთიერთობებს ერთ-ერთ საკვანძო ქვეყანასთან შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.