ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ ქვეყნის უსაფრთხოება და არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც მინიმალურად მაინც შექმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, „ნებისმიერი განცხადება ან მოთხოვნა, რომ საქართველომ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც სავარაუდოდ დააზიანებს და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი ნაბიჯების მომთხოვნი ან უპასუხისმგებლოდ ეკიდება ქვეყნის უსაფრთხოებას, ან მიზანმიმართულად ითხოვს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომლებიც დააზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას და მას ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნის“.
„როგორ უნდა შევაფასოთ ასეთი მოთხოვნები, ძალიან მარტივია. ჩვენი გადასახედიდან, ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ ქვეყნის უსაფრთხოება და არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც მინიმალურად მაინც შექმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ასეთი მოთხოვნები არაერთხელ მოვისმინეთ, რას ემსახურებოდა ასეთი მოთხოვნები, ალბათ უმჯობესია, მომთხოვნებმა თავად განმარტონ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა, ოლივიე კურტომ, პეტერ ფიშერმა და გარეთ უორდმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს სათაურით: „უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავი: რა დევს სასწორზე საქართველოსთვის“.
სტატიის თანახმად, მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას.












