„ბევრი რამ შეიძლება დააბრალოთ საქართველოს და მის ხელისუფლებას, მაგრამ არა რუსობა“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან პარლამენტში მყოფ ზოგიერთ ოპოზიციონერ კოლეგას მიმართა.
„პირველ რიგში იმ კოლეგებს მივმართავ, ვინც ამ დარბაზიდან ხელაღებით აწარმოებს ტყუილზე დაფუძნებულ ზიზღის, სიძულვილის, უმძიმესი ბრალდებების დაუნდობელ კამპანიას და შეგებულად ახალისებს ძალადობას ამ ქვეყანაში: თქვენი ძლიერი მხარე არის მხოლოდ სიყალბე, ტყუილი და სიძულვილი. სამივე განწირულია მარცხისთვის. აბსურდია, როცა ღალატში დებთ ბრალს ვინმეს ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოდ საერთოდ არ თვლით და ზოგადად სამშობლოს ერთგულება სრულიად უცხო ცნებაა თქვენთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა და დასძინა, რომ ზოგიერთისთვის ცხოვრების წესად იქცა საქართველოსთვის ძირის გამოთხრა და ამისთვის მომავალი თაობა პასუხს გასცემთ.
„დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის გადაწყვეტილებითაც ქართველი გმირი სამხედროები ბოლომდე იდგნენ ავღანეთში ნატო-ს ძალების მხარდამხარ; დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის გადაწყვეტილებითაც ქართველი გმირი ჯარისკაცები ევროკავშირის მისიებში მსახურობდნენ ცენტრალურ აფრიკაში და მალიში; თქვენ კი რუსის იარლიყს აკერებთ. საქართველოს ხელისუფლებაში არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც საერთაშორისო სასამართლოებში ათწლიანი ბრძოლის შედეგად რუსეთს სამართლებრივად დაარქვა ოკუპანტი ქვეყანა! ეს მაშინ როდესაც 2008 წელს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო, რომ რუსეთის აგრესიისთვის მსოფლიოს თავის სახელი ეწოდებინა და ეთქვა, რომ ეს იყო ,,რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ”.“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისივე განცხადები, დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის პრინციპული გადაწყვეტილებით 2014 წელს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთნხმების ჩათვლით, რამაც შეუქცევადი გახადა ევროკავშირში ინტეგრაცია.
„ეს მხოლოდ მაიდნის შემდეგ მოახერხა უკრაინამ და მაშინ ვერ მოახერხა სომხეთმა. საქართველოს ხელისუფლებაში დღეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უსაფრთხოება ყველაზე მეტი საფრთხის ქვეშაა დღეს, მიუხედავად უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯებისა და ბრალდებებისა, მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. სიყალბეა, როდესაც თქვენ საუბრობთ საქართველოს ევროპულ მომავალზე. იმიტომ რომ თქვენთვის უცხოა ხალხის მოსმენა, უცხოა დემოკრატიის მთავარი საფუძველი ადამიანი და მისი უფლებები, უცხოა სახელმწიფოს ინტერესების და სუვერენიტეტის დაცვა და თქვენთვის უცხოა ღირსება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.