ტრამპის ბოლო განცხადებები ამერიკის შიგნით და საერთაშორისო არენაზე მკვეთრად კრიტიკულადაა შეფასებული. მის ბოლო განცხადებებს ამერიკის შიდა პოლიტიკურ სივრცეში ძალიან დიდი განხეთქილება, კრიტიკა, მიუღებლობა მოჰყვა, ასევე გარე ზეწოლაც, რის შემდეგაც ამერიკულმა მხარემ მოლაპარაკება დაიწყო ირანის მიერ დაყენებულ პირობებზე, გარდა ერთი პირობისა, – ამის შესახებ რეგიონული ენერგეტიკისა და ტრანსპორტის საკითხებში ექსპერტმა, ლიანა ჯერვალიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„წარდგენილი ახალი წინადადებების მიხედვით, ირანული მხარე აღარ ითხოვს თავდამსხმელი მხარეების მხრიდან დანგრეული ინფრასტრუქტურის და დარტყმების შედეგად მიღებულ დაზიანებებზე ფინანსურ კომპენსაციას, ვინაიდან განიხილავს და მოითხოვს, რომ ეს კომპენსაცია მას შეუძლია, მიიღოს ჰორმუზის სრუტეში გემების გატარების გადასახადის სახით“, – განაცხადა ლიანა ჯერვალიძემ.

მისი თქმით, ის, რაც ახლა ხდება, ძალიან აგონებს 1911, 1912, 1913 წლებს, ბალკანეთის ომებს, რომელიც წინ უძღოდა პირველ მსოფლიო ომს და ასევე, ესპანეთის სამოქალაქო ომს, რომელიც წინ უძღოდა მეორე მსოფლიო ომს.

„ძალიან ჰგავს ეს სიტუაცია ამას. ახლა უკრაინაში მიმდინარე ომიც, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტიც და ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს დიდი ომის საწყის ეტაპებს, როდესაც ხდება არსებული ეკონომიკური, ფინანსური, გეოპოლიტიკური სტრუქტურების მსხვრევა და ახლის ფორმირება ჯერ არ არის მყარ საფუძველზე. ეს არის ძალიან რთული პერიოდი. ჰორმუზის სრუტეს რაც შეეხება, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და რა ფორმით შეიძლება მოხდეს მისი რეგულირება, ფაქტობრივად, ამას მოჰყვება ჯაჭვური რეაქცია დანარჩენი, სხვა ვიწრო გასასვლელების მიმართაც. როგორც ჰორმუზის სრუტეში მოხდება საკითხის გადაწყვეტა გემების გატარებაზე, ასე ჯაჭვური რეაქციით მოხდება ცვლილება სხვა ასეთ ვიწრო გასასვლელებზეც. შეიძლება, საერთოდ გადაიხედოს არსებული, 1982 წლის გაერო-ს კონვენცია ღია ზღვების შესახებ ან ახალ კონვენციაზე მოხდეს მუშაობის დაწყება. ძალიან რთული პროცესი მიდის და ეს პროცესი მარტო ირანს და ჰორმუზის სრუტეს არ შეეხება; ეს, შეიძლება, შეეხოს თურქულ სრუტეებს, ეს, შეიძლება, შეეხოს ბალტიისპირეთის სრუტეებს და შეეხოს ყველას, სადაც კი დიდი ტვირთნაკადი მოძრაობს“, – განაცხადა ჯერვალიძემ.

კითხვაზე, რა გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე 28 თებერვალს დაწყებულმა სამხედრო ოპერაციამ და გლობალური გადაზიდვების ამ მნიშვნელოვანი არხის ჩაკეტვამ, ლიანა ჯერვალიძემ განაცხადა, რომ ამან გლობალურ ეკონომიკაზე კატასტროფული გავლენა მოახდინა.

„პირველი რაც არის, სასუქების გატანა ვერ მოხერხდა და სასუქების გატანის შეფერხებამ შეაფერხა სასუქების შეტანა იმ რეგიონებში, სადაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება, მიწის ნაყოფიერება არ იყოს ისეთი, როგორიც სასუქების შეტანის შემთხვევაში იქნებოდა; შეიძლება, იყოს ნაკლები მოსავალი, ნაკლები მოსავალი კი ნიშნავს პროდუქტებზე ფასების აწევას. ეს ნიშნავს, რომ დიდი დარტყმის ქვეშ უფრო მეტად განვითარებადი ქვეყნებიაღმოჩნდება , ვიდრე მდიდარი, განვითარებული ქვეყნები. ძირითადად, სუსტებს დაარტყამს ეს. ამის გარდა, ჩვენ არ ვიცით, რა ზიანი მიადგა სპარსეთის ყურის ქვეყნების ნავთობგადამამუშავებელ და მომპოვებელ ინფრასტრუქტურას. ჰორმუზის სრუტე რომც გაიხსნას და იქ დაგროვილი დატვირთული გემები რომც გამოვიდეს სრუტიდან, ამ ინფრასტრუქტურას აღდგენა დასჭირდება, ეს კი მარტივი არ არის და ხანგრძლივი პროცესია“, – განაცხადა ჯერვალიძემ.

მისი თქმით, მოლაპარაკებები იწყება ირანის პირობებზე და არა იმ 15-პუნქტიან გეგმაზე, რომელიც თავის დროზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანს მოთხოვნის ფორმით წარუდგინა, როგორც მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი.

რეგიონული ენერგეტიკისა და ტრანსპორტის საკითხებში ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ჩვენ თუ ჭკვიანად მოვიქცევით, არასტაბილურობა, წესით, არ გვემუქრება.

„სამხრეთ ზოლზე ვითარება თუ აირია, ცენტრალურ აზიას განსაკუთრებული მნიშვნელობა და ფასი დაედება. ევროკავშირის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა კიდევ უფრო აქტუალური გახდება და ვფიქრობ, იქ ვითარება თუ გართულდა, ჩვენი რეგიონი განსაკუთრებულ დატვირთვას მიიღებს, მაგრამ თუ დარეგულირდა, ეს დატვირთვა ჩვენ მაინც გვექნება. აუცილებელია, ჩვენ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და თანაბარი ურთიერთობა, პარტნიორობა გვქონდეს მეზობელ ქვეყნებთან, ყველასთან, ვისთანაც შეხება გვაქვს“, – განაცხადა ჯერვალიძემ.