ჩვენ ვართ ის თაობა, რომლებიც შევძლებთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს ევროკავშირში გაწევრიანებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

„ახალგაზრდებმა სულ რამდენიმე თვის წინ გააგონეს ქართული თაობის ხმა. თაობის, რომელიც დაიბადა დამოუკიდებელ საქართველოში, იცის თავისუფლების ფასი და, რაც მთავარია, ამ თავისუფლებას არ დათმობს არაფრის სანაცვლოდ. ჩვენ ვართ ის თაობა, რომლებიც შევძლებთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და იმ ღირსეული ევროპული ცხოვრების საქართველოში მოტანას, რომელიც ჩვენ დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებზეც წერდა მსოფლიო პრესა, რომლებზეც საუბრობდნენ, მსოფლიო ლიდერები მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ღირსება, რომელსაც ყოველდღიურად თელავენ და, პირველ რიგში, ეს იწყება იმით, რომ ჩვენ გვთხოვენ ოკუპანტს მოვუხადოთ ბოდიში. მგონი, ამ დარბაზშიც და ჩვენ თაობაშიც არ არსებობს ადამიანი, რომელიც მოუხდის ბოდიშს სეპარატისტს და ადამიანს, რომელიც ცდილობს ქართული სახელმწიფოებრიობის დანგრევას. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ვიცით, რას ნიშნავს რუსეთის ფედერაცია, რუსული იმპერიალიზმი და კარგად გვესმის ის იარა, რომელიც საქართველოს 2008 წელს მოაყენეს და ეს არ დაწყებულა 2008 წელს. ეს დაიწყო 1989 წლის 9 აპრილს და მე მჯერა, რომ ჩვენი თაობა სწორედ ამ მოვლენების პირმშოა, რომელსაც ვერ აჩერებს დღეს ბიძინა ივანიშვილი - კაცი, რომელსაც სურს ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურება. მე მჯერა და ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგონებთ ხმას არ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ მთელ მსოფლიოს. ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, რომლებიც არ მივცემთ უფლებას დღევანდელ ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ მიაყენონ შეურაცხყოფა ჩვენს გმირებს - გიორგი ანწუხელიძეს, ჟიული შარტავას, გურამ გაბისკირიას, ესენი არიან ადამიანები და კიდევ ათასობით გმირი ქართველი, რომლებმაც დღეს საშუალება მოგვცეს, გვემღერა ჰიმნი ქართულ ენაზე, გვქონოდა დროშა და ენა. გვქონოდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და ეს არჩევნები არ ჰგავს სხვა არჩევნებს. ბევრჯერ გვითქვამს, ბევრჯერ მოგვისმენია პოლიტიკოსებისგან, რომ წელს წყდება ჩვენი ბედი - 2020 წელს, 2016 წელს, სინამდვილეში ეს არის ისტორიული არჩევნები, როდესაც ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ შეგვიძლია წერტილი დავუსვათ გაჭირვებას, მონობას, ბატონ-ყმურ დამოკიდებულებას და ავირჩიოთ ამ ქვეყანაში ევროპა, კეთილდღეობა. ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს, ჩვენი ხმა ესმით მხოლოდ პროტესტის დროს, ამის შემდეგ ყველა გვივიწყებს და მგონი დადგა დრო, ჩვენ ავიღოთ ხელში ინიციატივა, ჩვენ ვიყოთ ამ ცვლილებების მთავარი ბირთვი და შემდგომში, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენ ვიქნებით ის თაობა, რომელიც იზეიმებს ევროკავშირში გაწევრიანებას და ალბათ, აქ დარბაზში არავინ არა არის ისეთი, ვინც ნამყოფია ცხინვალსა და სოხუმში და ჩვენ ვიქნებით ის თაობა, რომელიც შეძლებს სანუკვარი ოცნების ახდენას, რასაც ჰქვია სოხუმში, ცხინვალში დაბრუნება, სადაც ამაყად იფრიალებს ქართული დროშა და ჩვენ ვიქნებით ერთიანი, ძლიერი, ევროპული ქართული სახელმწიფო“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ ღონისძიება „ერთიანობა პასუხობს ხალხს“ გამართა, სადაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ, პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ და „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა დიაროვმა ახალგაზრდების კითხვებს უპასუხეს.