სიტყვებს „პოლიტიკური რეპრესიები“ ვიდრე გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 29 ადამიანზე, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის დევნა არის დაწყებული, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთო-ს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტზე განაცხადა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის მომხსენებელს, კარინა ოდებრინკს მიმართა.
„მინდა, გამოვეხმაურო კომიტეტის ანგარიშის რაპორტიორს, ქალბატონ ოდებრინკს. ვიდრე სიტყვებს „პოლიტიკური რეპრესიები“ გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 29 ადამიანზე, რომელთა მიმართაც არის სისხლის სამართლის დევნა დაწყებული, რადგან „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ პოლიციელებს და თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. თითოეულ მათგანზე არსებობს კონკრეტული ვიდეომტკიცებულებები. საქართველოს ხელისუფლება მზად არის თქვენთან და თქვენს გუნდთან თანამშრომლობისთვის და ამ ვიდეომტკიცებულებების გაზიარებისთვის თქვენი ანგარიშის წერის პროცესში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მესამე კომიტეტის მომხსენებელმა, კარინა ოდებრინკმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა: „საქართველოში დავინახეთ პოლიტიკური რეპრესიების მკვეთრი ზრდა გასული წლის არჩევნების შემდეგ. სავალალო ვითარება საქართველოში რჩება ტრაგიკულ უკუსვლად, სადაც ეუთო-მ არ უნდა დათმოს თავისი ძირითადი პრინციპები“.