სრულად იშლება და ირღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა აშშ-ის მიერ 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ამერიკის ეს გადაწყვეტილებები სწორედ ამის ერთ-ერთი კარგი გამოვლინება და მაჩვენებელია“.
„ადამიანებს, შეიძლება, ერთი ორგანზიაცია მოსწონდეთ ან არ მოსწონდეთ, მაგრამ ფაქტია, მიზეზები, რაც ტრამპმა დაასახელა ამ ორგანიზაციების დატოვებისთვის, პირდაპირ არის რელევანტური საქართველოსთვისაც. ვხედავთ, რომ ბევრი მათგანი, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, მათ შორის ვენეციის კომისია, სცდება საკუთარ დამფუძნებელ მისიას, რისთვისაც ეს ორგანიზაციები თავის დროზე შეიქმნა. სამწუხაროდ, ესენი გადაიქცნენ ორგანიზაციებად, რასაც თავად ტრამპიც ამბობს, რომლებიც მხარს უჭერენ რადიკალურ დღის წესრიგს, სხვადასხვა ფორმით ახალისებენ და, მაგალითად, საქართველოში ვენეციის კომისიის ე.წ. მოსაზრებები იყო ხოლმე გამოყენებული ერთგვარ მაშველ რგოლად ამ რადიკალებისთვის. ამიტომ საქართველოსთვისაც რელევანტურია ეს განცხადებები.
ჩვენ არ გვაქვს გეგმა, რომ ეს ორგანიზაციები დავტოვოთ, თუმცა ეს მოცემულობაა, ეს კითხვები არსებობს ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით. ვისურვებდით ჩვენივე ინტერესიდან გამომდინარე, ეს ორგანიზაციები დაუბრუნდნენ თავიანთ ფუძემდებლურ, მთავარ მისიას, რაც იყო სამართლებრივ საფუძველზე მოსაზრებების მომზადება და დახმარება კონკრეტული წევრი ქვეყნებისთვის, რათა გააუმჯობესონ საკუთარი კანონდმებლობა და არა ის, რომ სხვადასხვა ფორმით წაახალისონ რადიკალური დღის წესრიგი საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.






