საზოგადოებას ვპირდებით, რომ თითოეული კომპონენტის შესწავლა მოხდება. თუ გამოიკვეთება, რომ ბიზნესი შეგნებულად, მონოპოლიურად, კარტელურ გარიგებებს ახორციელებდა საკუთარი ვიწრო ბიზნესინტერესების გამო და მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ, ამას შესაბამისი გადაწყვეტილებები მოჰყვება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
ლევან მახაშვილის განმარტებით, ფასებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, რასაც გადაჭრა სჭირდება.
„გადაწყვეტილებები იქნება არა ზეწოლისთვის, ბიზნესის დასახურად, ან შანტაჟისთვის, არამედ იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ბიზნესმა თავისი საქმიანობა აწარმოოს და მიიღოს მოგება, მაგრამ მეორე მხრივ, ტვირთი არ იყოს მოსახლეობაზე იმის გამო, რომ ბიზნესს აქვს შესაძლებლობა, სურსათის მიმართულება სრულად აკონტროლოს. ფაქტი ერთია – ფასებით აბსოლუტურად არავინაა კმაყოფილი. ფაქტია, რომ რაღაც გამართულად არ არის, არის პრობლემები და ამიტომ თითოეულ მიმართულებას სჭირდება შესწავლა. როგორც ჩანს, იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები, დარღვევები ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან. მათ რომ გამართულად, კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება, ეს პრობლემები არ დამდგარიყო“, – განსცხადა ლევან მახაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ საგადასახადო პოლიტიკა არის ცუდი და მაღალია დღგ-ს გადასახადი, მახაშვილის თქმით, ეს აბსოლუტურად აბსურდული განცხადებებია. ლევან მახაშვილის განმარტებით, საგადასახადო პოლიტიკა საქართველოში 2005 წლიდან, პრაქტიკულად, არ შეცვლილა.
„დამატებითი ღირებულებითი გადასახადი იქნება, მოგების გადასახადი თუ ა.შ. არაფერი შეცვლილა 2005 წლიდან, ისევ იგივეა. უფრო მეტიც, 2017 წლიდან ბიზნესი მოგების გადასახადს არ იხდის, თუ ის ამ თანხას ისევ ინვესტიციის სახით აბრუნებს. ასე რომ, გადასახადები არათუ ტვირთად გაიზარდა, არამედ პირიქით, 2017 წლიდან კიდევ უფრო შემცირდა ბიზნესებისთვის. საგადასახადო პოლიტიკის ნაწილში აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა, მაგრამ მაინც ფასების პრობლემა იყო. ამ ეტაპზე, საგადასახადო პოლიტიკის ნაწილში არანაირი ცვლილება არ იგეგმება. საპარლამენტო მოკვლევის დროს ყველა დეტალი გაირკვევა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მთავრობა აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო და მარკეტების ქსელებთან ფასების შემცირების მიზნით. კობახიძის თქმით, პარლამენტს სთხოვს, საკითხის შესაფასებლად საპარლამენტო კომისია შექმნას.







