მივულოცავათ ბატონ მადიარის გამარჯვებას, ეს არის უნგრელი ხალხის გადაწყვეტილება და ჩვენ რა თქმა უნდა პატივს ვცემთ, ბატონ ორბანზე შემიძლია, ის ვთქვა, რომ ნამდვილად მადლიერები ვართ მისი და მისი ხელისუფლების იმ პარტნიორობისთვის, რა პარტნიორობაც მათ აღუთქვეს საქართველოს წლების განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, უნგრელმა ხალხმა არჩევანი გააკეთა იმ ლიდერზე, რომელსაც ისინი მიიჩნევენ ორბანზე უკეთესად.
„ვიმედოვნებთ, რომ ანალოგიური ურთიერთობა გაგრძელდება ახალ ხელისუფლებასთან. ჩვენ მოვისმინეთ ბატონი მადიარის პირველი ოფიციალური კომენტარები. საქართველოსთან დაკავშირებითაც გააკეთა მან განცხადება, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია და ჩვენ, ასე ვთქვათ ოპტიმიზმით ველოდებით ამ ურთიერთობების იგივე ნიშნულზე გაგრძელებას, რა ნიშნულიც იყო ბატონი ორბანის პირობებში. რაც შეეხება პარალელის გავლებას, ეს ყოველგვარი არგუმენტებისგან არის დაცლილი. თავს იმხნევებენ ოპოზიციის წევრები. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ უნგრელმა ხალხმა არჩევანი გააკეთა იმ ლიდერზე, რომელსაც ისინი მიიჩნევენ ორბანზე უკეთესად. საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ სულ ახლახან გვქონდა არჩევნები – 2024 წელს, 2025 წელს, სადაც უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა ჩვენი მოსახლეობის მხრიდან „ქართულ ოცნებას“ და ჩვენ ვატარებთ იმ პოლიტიკას, რაც არის ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის დაკვეთა. ჩვენი მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ ქართული ოცნების პირობებში და კარგად იაზრებენ, რომ მშვიდობის და სტაბილურობის მთავარი გარანტი საქართველოში ქართული ოცნებაა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.










