თუ ამ შეთავაზებაზე უარს იტყვიან, ამ შემთხვევაში ჩვენი საფუძვლიანი ეჭვი გამყარდება, რომ ისინი თავისი ფეხით იმიტომ შედიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომ ეშინიათ იმ შედეგის, რაც დაუდგებათ 4 ოქტომბრის არჩევნებზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებაზე მსჯავრდებული პოლიტიკოსების შეწყალებასა და მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
„ეს შეთავაზება გამომდინარეობს იქიდან, რომ ყველანაირი სასპეკულაციო ველი იყოს დაკეტილი, როგორც შიდა, ისე გარე აქტორებისთვის, არავის არ მივცეთ სალაპარაკო, ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რომ „ჩვენ ის შედეგი ვერ დავდეთ, ვინაიდან ჩვენი ლიდერი იმყოფებოდა საკანში ამ დროს“. მეორეს მხრივ, ის გამოგონილი პოლიტიკური დევნა, რომელიც სჭირდებოდათ მათ გარე უფროსებს და მათი ფეხითვე ამიტომ შეიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეს ლიდერები, ეს თემაც მთლიანად დავკეტოთ, ვინაიდან ისედაც ყველამ ვიცით კანონი რას ითვალისწინებდა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია:
"ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე."
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს - ოქტომბრის პირველ შაბათს. - ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს