"აბსოლუტურად ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია, მუდმივი რყევა, მათ არ აინტერესებთ არჩევნები, არ აინტერესებთ საარჩევნო შედეგები. მათ თავიდან ბოლომდე თავიანთი უცხოელი პატრონები უტარებენ წინასაარჩევნო კამპანიებსაც" - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში "დებატები" ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიუტუციო სარჩელის განხილვაზე საუბრისას განაცხადა.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიცია მუდმივად აყენებდა შედეგების ლეგიტიმურობის საკითხს და, მისივე შეფასებით, დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობდა. მაჭავარიანის განცხადებით, პოლიტიკური დაძაბულობისა და ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე ქვეყნის განვითარების ტემპი გაცილებით მაღალი იქნებოდა.

"2012 წლის შემდეგ ჩატარდა 9 არჩევნები, ჯამში 10 არჩევნებში მოვუგეთ, სადაც აბსოლუტურად ყველა არჩევნებთან დაკავშირებით მათ შექმნეს პრობლემა. 2016 წლის არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს, 2018 წლის არჩევნებზე, ასე ვთქვათ, ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობა ჰქონდათ პირდაპირი გზით. 2019 წელს ჩვენ ვიხილეთ 20 ივნისის პარლამენტზე შტურმი, ასევე სტრასბურგის სასამართლოს აქვს კვალიფიკაცია მინიჭებული ამ ყველაფრისთვის, რომ ეს იყო ძალადობრივი ქმედებები ამ აქტორების მხრიდან, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან.

2020 წლის არჩევნები ვიხილეთ, როდესაც ასევე ამბობდნენ, რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური, იყო გაყალბებული, მტკიცებულებები კვლავ ვერ წარმოადგინეს და ცესკოზე ვიხილეთ ჩვენ იმ შემთხვევაში შტურმი.

2021 წლის არჩევნების ჩაშლის მცდელობა ვიხილეთ, როდესაც კოლექტიურად, კოლექტიურმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" სინქრონში თავიანთ უცხოელ უფროსებთან ერთად საქართველოში შემოაპარეს მიხეილ სააკაშვილი.

2020 წელს ვიხილეთ ივნისში, NGO-ების ე.წ. რევოლუციის მცდელობა, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, დაგვჩაგრეს და NGO-ებთან ერთად ტექნიკური მთავრობის შექმნის მცდელობაც ჰქონდათ.

2023 წელს პარლამენტზე შტურმი ვიხილეთ, 2024 წელს არჩევნების არაღიარების მორიგი სერია ვიხილეთ, სადაც აბსოლუტურად ყველა ეს პარტია, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" გამოვიდა და თქვა, რომ არჩევნები იყო არალეგიტიმური, არჩევნები გაყალბდა, ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს ამასთან დაკავშირებით დღემდე და საუბრობდნენ რაღაც 400 000 გაყალბებულ ხმაზე, 100 000 პირადობა ჩამორთმეულ ადამიანზე, მსგავს ზღაპრებზე.

რისი თქმა მინდა - აბსოლუტურად ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია, მუდმივი რყევა. მათ არ აინტერესებთ არჩევნები, არ აინტერესებთ საარჩევნო შედეგები. მათ თავიდან ბოლომდე თავიანთი უცხოელი პატრონები უტარებენ წინასაარჩევნო კამპანიებსაც, ამასაც შეეგუა ჩვენი ხალხი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ძალიან ფხიზლად არის და მათი გვერდში დგომის საფუძველზე ჩვენ ამ ყველა არჩევნებს ვიგებთ.

თუმცა, არ შეიძლება, რომ ქვეყანა იყოს მუდმივად რყევის რეჟიმში, ვინაიდან ჩვენ უნდა განვვითარდეთ, ჩვენ ისედაც ვვითარდებით, თუმცა ეს განვითარების ტემპები იქნებოდა და იქნება გაცილებით უფრო სწრაფი, თუ ხელისშემშლელი, ხელოვნურად ხელისშემშლელი ფაქტორები არ იქნება ამ ყველაფერთან მიმართებაში", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.