პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის  ლევან კობერიძის განცხადებით მის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზი სწორედ მმართველი გუნდის მიერ სასამართლოს ე.წ. კლანის გაძლიერება გახდა. ამის შესახებ ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს ეკა ბესელიას კანონპროექტის შეფასებისას განუცხადა, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით უნდა უყაროს კენჭი.
„იმ პროცესის გამო, რომ რეალურად „ქართული ოცნება“ აკეთებდა გადმობარებას „ნაციონალური მოძრაობისგან“ სასამართლოს კლანის და არა მარტო გადმოიბარა, არამედ კანონის ძალით უფრო მეტად გააძლიერა, სწორედ ამას ვეწინააღმდეგებოდი და ამის გამო დავტოვე უმრავლესობა. ჩემთვის, ის რომ კლანი რეალურად არსებობს, არის ხელისუფლებასთან შეზრდილი და ის, რომ დღეს არის ქვეყანაში შერჩევით სამართალი, მგონია რომ  ჩემი მხრიდან ამას კიდევ ერთხელ გამეორება არ სჭირდება“, - განაცხადა ლევან კობერიძემ. შეგახსენებთ, პარლამენტი დღეს სასამართლოში კლანური მმართველობის აღიარებასთან დაკავშირებით, რეზოლუციას უყრის კენჭს. რეზოლუციის ავტორი იურისტების დამოუკიდებელი ჯგუფია, საკანონმდებლო ორგანოში კი, მისი ინიცირება დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ და ნატო ჩხეიძემ მოახდინეს.