ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული გამარჯვება და გავიმარჯვებთ. დაგველოდეთ, ჩვენ გამარჯვებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ არჩევნებზე 55%- ის აღებას აპირებენ.
„ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების პლატფორმა“ არის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ქართველი ხალხის ხელში, გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები. ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული გამარჯვება და გავიმარჯვებთ. ვიღაცებს ბევრი რამ არ ეგონათ, ბევრს ჭორაობდნენ და ბევრს ღლიცინებდნენ, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად სხვა დგებოდა. ასე რომ, დაგველოდეთ, ჩვენ გამარჯვებისთვის ვემზადებით.
რაც შეეხება სხვა პარტიების გამსხვილებას, მხოლოდ მოვესალმები და ვისაც სჭირდება, შეგვიძლია, შევთავაზოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა, რომ დავიცვათ მოქალაქეების ხმები, თუ არ სჭირდებათ, ღმერთმა გაუმარჯოთ. აგერ პოლიტიკური ველი და ხალხი, ესაუბრონ მათ. ვაპირებთ გამარჯვებას და ვაპირებთ, ავიღოთ არა 5% , არამედ 55. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
რაც შეხება არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების ყოფნის საკითხს, მისივე თქმით, სადამკვირვებლო მისიები აუცილებლად იქნება.
„ქართულ საზოგადოებას ვპირდებით, რომ სადამკვირვებლო მისიები იქნება. პარტნიორები დგანან ქართველი ხალხის გვერდით. თქვენ ნახეთ კონკრეტული შეხვედრა, სადაც შვედეთის პარლამენტის ათობით წევრი იყო. მათი ჩართულობა, გრძელვადიანი დაკვირვება უმნიშვნელოვანესია. რაც არ უნდა ილაპარაკონ – არ უნდათ, არ იქნება – აუცილებლად მოუწევთ და იქნება. „რუსული პარტია“ რას აპირებს, არ ვიცი“, – განუცხადა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მიმართოს. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: „არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ხელოვნურად ახდენენ საკითხის პოლიტიზებას“.