საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მიმართოს.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ეუთო/ოდირის მიმართ მოწვევის გაგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა.
მისი თქმით, სწორედ ამ მოწვევის საფუძველზე ხდება მთავარი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფორმირება და გამოგზავნა საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით.
„ხელისუფლება დუმს და ეუთო/ოდირის მიმართ ამ დრომდე მოწვევა არ არის გაგზავნილი, მაშინ როდესაც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ წლის ოქტომბერში საქართველოს ელოდება გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები, სადაც წყდება ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.