როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ „კლანი“ არსებობს, ეს ადამიანები კი თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებენ, არანორმალური დამოკიდებულებაა - ვფიქრობ, ამ მიმართულებით გამოსაძიებელი არაფერია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოსამართლეებთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, არანაირი კითხვის ნიშანი აღარ არსებობს. ელჩმა განმარტება გააკეთა, რომ საუბარია ქრთამის აღებაზე, ნეპოტიზმზე, დაშინებაზე, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებაზე. დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებების გარეშე ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. ამ წლების განმავლობაში პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და ქვეყნის გარედან ჩვენი პარტნიორები საუბრობდნენ საქართველოში სასამართლო „კლანზე“, ნეპოტიზმზე და კორუფციაზე. ამაზე არაერთი მტკიცებულება არსებობს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, თუ ის მოსამართლეები და თანამდებობის პირები, ვინც „ღამის ზარებს ახორციელებენ და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ჭკუაზე არ მოვლენ, პრობლემები შეექმნებათ“.

„იმ მოსამართლეებმა უნდა იფიქრონ, ვისაც, სავარაუდოდ, სანქცია ელოდება, მეტიც - როდესაც აშშ ზეწოლასა და ქრთამზე საუბრობს, ე.ი. ვიღაცის მხრიდან იყო ქრთამი მიწოდებული, ამიტომ პროკურორებსაც არ უნდა ეძინოთ მშვიდად და იმ თანამდებობის პირებსაც, ვინც ღამის ზარებს ახორციელებენ და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. თუ ისინი ჭკუაზე არ მოვლენ, სხვებსაც შეექმნებათ ეს პრობლემები. ისინიც იქნებიან სანქცირებულები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, ისევე როგორც პარლამენტის დეპუტატები, რომლებმაც „რუსულ კანონს“ მისცეს ხმა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.