9 აპრილს დაგეგმილი აქციის მოთხოვნა არის მხოლოდ ერთი, რომელიც უკავშირდება 12 რეკომენდაციის შესრულებას, კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლას. „რუსული ოცნება“ საბოტაჟს აწყობს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე. ცხადია, აქციაზე პრიორიტეტული იქნება ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების საკითხი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც საუბარია ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ეს საკითხი 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილია, რაც არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საფრანგეთის პრეზიდენტის მოთხოვნაა, ასევე არის 27 ქვეყნის ელჩების დემარშის ერთ-ერთი საბაბი.

„მნიშვნელოვანია, რომ 9 აპრილს, 17:00 საათზე საქართველოს ყველა მოქალაქე მივიდეს და დააფიქსიროს საკუთარი ურყევი ნება, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. 7,8 და 9 მარტს კონკრეტული შედეგი დადგა ხალხთან, საზოგადოებასთან ერთად, როდესაც რუსული კანონი გაიწვიეს. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საპარლამენტო ოპოზიციამ, ყველამ ერთად იბრძოლა ამ რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ აუცილებლად შევიკრიბებით 9 აპრილს და ვიქნებით ძალიან ბევრი. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ კონკრეტულმა ადამიანებმა იცოდნენ,რომ ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, 9 აპრილის აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან.

„ვნახეთ, რომ რიკოთის უღელტეხილი დაკეტა „რუსულმა ოცნებამ“. მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებიან. იქ გზა გაწმენდილია, ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის არანაირი შეფერხება არ არის, გარდა იმისა, რომ 9 აპრილის ეშინია „რუსულ ოცნებას“. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ადამიანები მოდიან დარწმუნებული ვარ ასევე, რომ დედაქალაქის მცხოვრებლების უმრავლესობა აქციაზე იქნება. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ძალიან ბევრს ვმუშაობთ.მათ შორის შეგახსენებთ, რომ ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში იმართებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები და ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ ეს თემა მნიშვნელოვანი ყოფილიყო“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციები გაგრძელდება." - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.