“მე გავაკეთე განცხადება ანაკლიაში, სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება სოხუმში უდიდესი აეროპორტის მთავარი არქიტექტორი. დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოგვეხმაურა და დაადასტურა ცხადია, რომ სოხუმის აეროპორტი, სოხუმის საჰაერო სივრცე არის საქართველო. დიახ, სოხუმი საქართველოა. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე „თავისუფლება მიშას“ განაცხადა.
"იმისთვის, რომ საქართველო ერთიანი იყოს, რომ საქართველო ძლიერი იყოს, იმისთვის, რომ საქართველო ევროპული იყოს, იმისთვის, რომ რუსეთის გუბერნია არ გავხდეთ, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. დღეს კანცელარიასთან არის მთავარი გზავნილი რუსული ხელისუფლების მიმართ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს სრულიად ცივილიზებული სამყარო, მსოფლიოში არ მოიძებნება პოლიტიკური ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც პოლიტიკურად არ მიიჩნევს პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეს.
ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, დაწყებული ლაზიკის მშენებლობიდან, რომელიც უპირობოდ უნდა შევუსრულოთ ჩვენს ხალხს, რადგან იქ 30 მილიარდი ლარის ინვესტიციაზე საუბარი, ეკონომიკაზე, ათიათასობით სამუშაო ადგილზე. გავიმეორებ, დღეს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოგვეხმაურა, რომ სოხუმის საჰაერო სივრცე ცხადია, არის საქართველოს საჰაერო სივრცე. მე და ჩვენ ვაძლევთ პირობას საქართველოს მოქალაქეებს, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ავაშენებთ უდიდეს აეროპორტს სოხუმში.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.