„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გადადგომა საქმეს ვერ უშველის, რადგან მას ეს გადაწყვეტილება თავად არ მიუღია და “რუსულმა პარტიამ დაავალა”.
„ნათელა, ნათია თურნავას ჯანდაბამდე გზა ჰქონია, სადაც უნდა იქ წავიდეს, არავის აინტერესებს. მის მაგივრად სხვას დანიშნავენ და იმას გააკეთებინებენ, რასაც ახლა მას აკეთებინებენ” , - აცხადებს ხაბეიშვილი.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, “ჯაშუშური ქსელი” საკუთარ თავს იცავს.
„საკუთარ თავს იცავენ, ფარცხალაძეს კი არა დიდი ჯაშუშური ქსელია ხელისუფლებაში მოკალათებული.
კარგია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკი გარკვეულმა თანამდებობის პირებმა დატოვეს, ჩემგან უდიდესი პატივისცემა მათ. სხვებიც უნდა დაფიქრდეთ, რადგან დრო არის მოკლე. გუშინ და გუშინწინ რომ ვსაუბრობდით, ფარცხალაძეს დაასანქცირებენ და ივანიშვილს უახლოვდება სანქციებიო, ვიღაცებს ეცინებოდათ. დღეს ვხედავთ, რომ ეს რეალობაა. ეს რეალობა რუსული პარტიისთვის კიდევ უფრო დამძიმდება და ამისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის.
მოთხოვნები უმარტივესია: პირველი - ეს ბრძანება უნდა გაუქმდეს, იმიტომ რომ შემდგომში, ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც მასთან მოვა სანქციები, ეს შავი ხვრელი არ გამოიყენოს. მეორე - უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდეს ფარცხალაძეს, აქამდეც უნდა მომხდარიყო. ერთი წელი ვლაპარაკობთ, რომ რუსეთის მოქალაქეა. არის თუ არა ჯაშუშური ქსელის გაგრძელება რატი ბრეგაძე? რატომ არ შეუწყვიტეს? ახლა რომ თქვეს, დავიწყეთო, აქამდე რატომ არ დაიწყეს? მესამე - არა რუსულ მთავრობას. ამის გარშემო სრულიად საქართველო უნდა გაერთიანდეს და ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვებრძოლოთ რუსულ პარტიას”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციის სამოქმედო გეგმას, ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პროტესტი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.
„გეგმა არის ბრძოლა ყოველდღიური. ამ დღეებში გვექნება კონსულტაციები. მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან. პარასკევს „ფეესბეს” კიდევ ერთი აგენტი გომელაური უნდა მოვიდეს პარლამენტში. ამიტომ მნიშვნელოვანია შიგნითაც და გარეთაც აქტიურობა”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.