ის, რომ აქამდე ამ ქვეყანას დღის წესრიგს ბიძინა ივანიშვილი კარნახობდა, ეს რეალობა არის დანგრეული და რეალობა დაანგრია მისმა აღმატებულება ქართველმა ხალხმა და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რომლებმაც ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონპროექტის ჩაგდებას.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაუმარცხებლობის მითი დაამსხვრია.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო ყველაზე წარმატებული პროტესტი. პროტესტი, რომელიც განახორციელა ქართველმა ხალხმა და გამარჯვებამდე მიიყვანა ახალგაზრდებმა. გულწრფელად უნდა ითქვას, ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, ამ ადამიანების პროტესტი უკავშირდებოდა არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს, არამედ „ყველაზე დიდი პარტიის ინტერესებს“, (ბრჭყალებში, რა თქმა უნდა) რომელსაც ჰქვია საქართველო, ჩვენი ევროპული მომავალი და ეს ახალგაზრდები და ადამიანები იცავდნენ, დაიცვეს და დაამსხვრიეს მითი რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დაუმარცხებლობის. ის, რომ აქამდე ბიძინა ივანიშვილი კარნახობდა დღის წესრიგს ამ ქვეყანას, ეს რეალობა არის დანგრეული და რეალობა დაანგრია მისმა აღმატებულება ქართველმა ხალხმა და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რომლებმაც ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლეს. ამ დღეების განმავლობაში, მათი თავგანწირულობით დაიდო შედეგი, რომელსაც ჰქვია „არა რუსულ კანონს“. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს, აბსოლუტურად ყველას, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამით ითქვა არა თუ „არა რუსულ კანონს“, არამედ, „არა რუსულ მთავრობას“ და „კი ევროპას“, „კი ევროკავშირს“ და ის, რომ ამ ადამიანებს, ახალგაზრდებს უნდათ ევროკავშირში. შესაბამისად, ამ დღეების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ოპოზიციას ეჩვენებინა მაგალითი, თუ როგორ არ უნდა იყვნენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით დაკავებული და როგორ იყო მთელი სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, მოქალაქეები გაერთიანებული, ერთი მთავარი მიზნის მისაღწევად, რომელიც იქნა მიღწეული,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.