ბიძინა ივანიშვილს 11 წელია სიძულვილის, საზოგადოების დახლეჩის გარდა, არაფერი გაუკეთებია, მას ეშინია ხალხის პროტესტის - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე  განაცხადა.

„ამ ხნის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილს 11 წელია სიძულვილის, საზოგადოების დახლეჩის გარდა, არაფერი გაუკეთებია. ის ცდილობს, დააპირისპიროს საზოგადოება, ის ცდილობს მუდმივად გახლიჩოს ჩვენი ხალხი და ცდილობს გამოიყვანოს ისე, რომ თითქოს არსებობს ორი საქართველო, არანაირი ორი საქართველო არ არსებობს, არსებობს ერთი საქართველო, რომელსაც ურყევად უნდა ევროკავშირში, რომელსაც უნდა პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ევროპულ პერსპექტივაში და იმაში, რომ დღეს ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, გავხდეთ ევროკავშირის წევრები.

მინდა გთხოვოთ ყველას, 9 აპრილი იქნება უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. მოგიწოდებთ ყველას, მთელი საქართველოდან დავიძრათ და ყველანი შევიკრიბოთ რუსთაველზე. ბიძინა ივანიშვილს ეშინია ერთადერთი რამის და ეს ხართ თქვენ. მას ეშინია ხალხის ერთობის, პროტესტის, ეშინია, როდესაც ხალხი არის ქუჩაში და იცავს საკუთარ ევროპულ მომავალს“- აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.