კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სამოქალაქო ომის შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან თავად საზოგადოებაში დაპირისპირება არ არის.
"ასეთი შესაძლებლობა ვერ იქნება მარტივი რამის გამო - საზოგადოებაში არ არის განსხვავებული პოზიციები. არანაირი ორი მხარე არ არსებობს - არსებობს ჩვენი ქვეყნის პატრიოტი მოსახლეობა და საქართველოს ეროვნული ინტერესები და მეორე მხარეს არსებობს რუსული ინტერესები," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, "არის ზრდადი ალბათობა, რომ მსხვერპლი მოჰყვეს ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებას", - აცხადებს ნოდარ ხარშილაძე. "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ ასე გაგრძელდა, სამოქალაქო ომის შესაძლებლობაც არსებობს.
"ამაზე ღრმა ფაზა არის და, სამწუხაროდ, მისვლადია – ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ – იმისი ზრდადი ალბათობა არის, რომ მსხვერპლი მოჰყვეს ამ ყველაფერს, ხელისუფლების უგუნურ და აბსოლუტურად ძალადობრივ ქმედებას და ჩვენ, შესაძლოა, მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე. პირდაპირი სახელი დავარქვათ, სამოქალაქო ომის შესაძლებლობაც განხილვადია, ეს თუ ასე გაგრძელდა," - განაცხადა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში.