თუ არ გინდა, რომ ფარისევლურად იყოს გამოყენებული, მაშინ ნუ მისცემ საბაბს და სამძიმარი თავის დროზე გამოაცხადე, - ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის ფაქტს ოპოზიცია „ფარისევლურად“ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.

„ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ასეთი დაგვიანებული რეაქცია მითუმეტეს, როცა საქმე ეხება გარდაცვლილ ადამიანებს, სამძიმრის გამოხატვა ყველაზე ნაკლებია, რაც შეუძლია ხელისუფლებამ გააკეთოს. მათ ოჯახის წევრებს სჭირდებათ გვერდში დგომა, დახმარება, ამ მებრძოლებს შესაბამისი პატივით დაკრძალვა, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულება მათ წინაშე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი ებრძვიან ჩვენ საერთო მტერს, ქვეყანას, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დააქუცმაცა, 300 ათასზე მეტი ადამიანი აქცია დევნილად, რომელმაც უამრავი ჩვენი თანამოქალაქე მოგვიკლა და გაგვიუბედურა. ამ ყველაფრის დავიწყება არ შეიძლება, შეუძლებელია არ გვქონდეს ამ ყველაფერზე მყისიერი რეაქციები.

თუ დააკვირდებით „ქართულ ოცნებას“ ეს ახასიათებს ხოლმე, სანამ ძალიან დიდი კრიტიკის ქარცეცხლში არ მოჰყვება, მანამდე არ დგამს ნაბიჯს და მერე უწევს ნაბიჯის გადადგმაც, დამსახურებული კრიტიკის მიღებაც და ის გადადგმული ნაბიჯიც აღარ ითვლება მის მიერ გადადგმულად, საბოლოო ჯამში იძულებას ჰგავს ხოლმე ეს ყველაფერი. მოტივები და მიზეზები ჩემთვის აუხსნელია, გაუგებარია, რა შეიძლება იყოს, რომ სამძიმრის გამოქვეყნება დააგვიანო. ასეთი რაღაცები შემიმჩნევია ხშირად, რომ საზოგადოების რეაქციას ანიჭებენ მნიშვნელობას და მერე აკეთებენ განცხადებას და დგამენ ნაბიჯს ან უკან იხევენ“, - განაცხადა "პალიტრანიუსის" ეთერში ლევან იოსელიანმა.