„სალომე ზურაბიშვილზე უნდა გაგრძელდეს ზეწოლა. თუ მას მართლა სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი, რადგან მისი პოლიტიკური პატიმრობა ამის მთავარი წინაღობაა.“ - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დასავლეთის ვექტორი და ukraina.ge -მ, “საქართველო-გზა ევროპისკენ “ პროექტის ფარგლებში ღონისძიება ჩაატარეს, რომლის პირველი კონფერენციაც მიეძღვნა პოლიტიკურ რეპრესიებსა და პოლიტპატიმრების პრობლემას საქართველოში;
"დღევანდელი კონფერენცია ეძღვნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს. ის უსამართლობის განცდა, რომელიც საზოგადოებაში არის და ეს მუხტის სახით გროვდება, ბუნებრივია ითხოვს შესაბამის რეაგირებას, მოქმედებებს და ეს მოქმედებები გამოხატული უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაში და მათი განცხადებები და რეზოლუციები ყოველ ჯერზე უფრო მკაცრი და მოთხოვნადია.
რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს ზეწოლა საქართველოს პრეზიდენტზე, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და გაითვალისწინოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები. თუ საქართველოს უნდა ევროკავშირის წევრობა, მთავარი წინაღობა ამ საკითხში სწორედ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობაა, ამიტომ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ასევე მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ყველა ძალა მობილიზებულ იქნეს იმისთვის, რომ საქართველოს და მიხეილ სააკაშვილს მოვუპოვოთ თავისუფლება." - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა