ცალკეულ პოზიციებში პრეზიდენტის განცხადების დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გვაქვს, მეტიც, არ ვეთანხმებით ცალკეულ განცხადებებს, განსაკუთრებით, როდესაც ის საუბრობს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ როლზე - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ კომენტარს, სადაც აღნიშნა, რომ დღეს აქტუალური არ არის სააკაშვილი და მისი აქტუალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“ სჭირდება.
„როდესაც პრეზიდენტს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს, რომ გააერთიანოს პროდასავლური პოლიტიკური ფრთა და პოლიტიკური პარტიები, მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს გამაერთიანებელი და ბუნებრივია, ცალკეულ პოზიციებში მისი განცხადების დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გვაქვს და მეტიც, რომ არ ვეთანხმებით ცალკეულ განცხადებებს, განსაკუთრებით როდესაც ის საუბრობს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ როლზე, თურმე, პოლიტიკურად აქტუალურად არ არის. მაშინ როდესაც ამ განცხადებას აკეთებ, ელემენტარულად უგულებელყოფ იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, როდესაც მიხეილ სააკაშვილს, მის პარტიას ამომრჩევლის 1/3 უჭერს მხარს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.