ერთიანობის პოლიტიკური კოალიცია აგრძელებს სხვადასხვა პარტიებთან და საზოგადო მოღვაწეებთან კონსულტაციას იმისათვის, რომ მოხდეს საზოგადოების მთავარი დაკვეთის აღსრულება, მოხდეს პოლიტიკური ძალების გაერთიანება, ერთიანობის ჩამოყალიბება, იმისათვის რომ ხალხმა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში. ამ მიზნით ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს “ევროპულ საქართველოსთანაც”, სხვა პარტიებთან, სხვა საზოგადო მოღვაწეებთან და ეს პროცესი გაგრძელდება საბოლოოდ დიდი ერთიანობის შექმნამდე. - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა
"ბუნებრივია ხვალ იქნება დაგეგმილი პარტიის ყრილობა და პარტიის ყრილობაზე გაჟღერდება ის კონკრეტული გადაწყვეტილებები და შედეგები, რომლებიც ამ დროისთვის მოლაპარაკებების ხარჯზე მიმდინარეობს სხვადასხვა პარტიებთან და მათ შორის “ევროპულ საქართველოსთან” დაკავშირებით ხვალ გაჟღერდება შესაბამისი გადაწყვეტილება.
მოლაპარაკებების სპეციფიკიდან გამომდინარე ამ ეტაპზე გაუმართლებლად მიმაჩნია კონკრეტული პარტიების დასახელება, თუმცა ეს პროცესი მიმდინარეობდა მანამდეც, ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს, მათ შორის მნიშვნელოვანია საზოგადო მოღვაწეებთან, ცალკეულ ლიდერებთან კონსულტაციები, ამიტომ ეს პროცესი გაგრძელდება და კიდევ უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს.
უნდა დავაზუსტოთ, რომ კობა ნაყოფია პარტიაში არ დაბრუნებულა, იმიტომ რომ კობა ნაყოფია პარტიიდან არც წასულა. ის რჩებოდა როგორც პარტიის წევრად, ისე ფრაქციის წევრად. შესაბამისად, საუბარი არის კობა ნაყოფიასათვის ახალი პოზიციის შექმნა წესდებით და პარტიის სტრუქტურაში ეროვნული კომიტეტის სახით, რომელიც მას მისცემს საშუალებას თავისი რესურსი სრულფასოვნად გამოიყენოს. ის იქნება პარტიის ხელმძღვანელი, ერთ-ერთი თანამდებობის პირი, ექნება კონკრეტული მიმართულება, რომელიც გაითვალისწინებს პარტიაში ახალი საზოგადო მოღვაწეების და პოლიტიკაში შემოსვლის სურვილის მქონე პირებისთვის პლატფორმის შექმნას. ამ მხრივ მოლაპარაკებებს ის აწარმოებს და კომიტეტის წევრებსაც დანიშნავს პარტიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით და ეს პოზიცია წესდებაში იქნება ასახული. პარტიის ყრილობა დაამტკიცებს ამ წესდებაში ცვლილებებს და მის არჩევასაც მოახდენს.” - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა