ეს არის არა ვალდებულების შესრულება, არამედ დევნილ მოსახლეობაზე სახელმწიფოსა და ხელისუფლების მხრიდან ზრუნვის დადასტურება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოსთვის საკუთარი მოქალაქე, მით უმეტეს დევნილი მოქალაქე, მასზე ზრუნვა და მათი პრობლემების რეალური გადაჭრა, არის მთავარი პრიორიტეტი.

„მივესალმები საქართველო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, რომლის თანადგომისა და უშუალო მონაწილეობის გარეშე, ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა. მისი ყოველდღიური ჩართულობის დამსახურებაა, რომ 1600 დევნილი ოჯახი დღეს ახალმოსახლეობას იზეიმებს. მივესალმები ჩვენი დედაქალაქის მერს, მადლობა მას პირადი მხარდაჭერისა და მონდომებისთვის, რომ ეს ყველაფერი ამგვარად შექმნილიყო და ჩამოყალიბებულიყო. მივესალმები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურსა და მთავრობის წევრებს, მოგესალმებით აქ მოსულ თითოეულ სტუმარს, ვინც უზარმაზარ სიხარულსა და ბედნიერებასთან ერთად იზიარებთ ამ ოჯახების მიწა-წყლის მონატრებით გამოწვეულ სევდას.

აქ თქვენ ხედავთ 11 კორპუსს, რომელიც მოიცავს 2426 ბინას, ხედავთ კეთილმოწყობილ გარე ინფრასტრუქტურას, სტადიონებს, ბავშვთა სივრცეებს. მსგავსი პროექტი საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს და შედეგად დაახლოებით 2700 დევნილი ოჯახი ახლო მომავალში იზეიმებს ახალი ბინის მიღებას. თითქმის 300 მილიონი ლარის ეს პროექტები, თბილისის 280 მილიონი ლარის პროექტთან ერთად, პარალელურად მიმდინარე სხვა პროექტებთან ერთად, მაგალითად „სოფლად წადი“ – არსებითად შეცვლის დევნილი ოჯახების მდგომარეობას საქართველოში. ეს არის არა ვალდებულების შესრულება, არამედ დევნილ მოსახლეობაზე სახელმწიფოსა და ხელისუფლების მხრიდან ზრუნვის დადასტურება. ის რომ დღეისთვის, მხოლოდ დევნილთა განსახლების გამოყოფილი თანხა ლამის ათჯერ აღემატება 2012 წლის მთლიან წლიურ ბიუჯეტს, ეს თავისთავად მრავლისმეტყველი ფაქტია. ეს მეტყველებს, რომ სახელმწიფოსთვის საკუთარი მოქალაქე, მით უმეტეს დევნილი მოქალაქე, მასზე ზრუნვა და მათი პრობლემების რეალური გადაჭრა, არის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენი ძვირფასო თანამოქალაქენო, დაე, ძალიან მალე მოგველოცოს თქვენს მონატრებულ და ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაბრუნება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.